უკრაინაში, კინოთეატრ „ჟოვტენში" 23-დან 27 ნოემბერის ჩათვლით, ახალი ქართული კინოს IX ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დახმარებით იმართება.
კინოფესტივალის ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია" და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი".
23 ნოემბერს ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, მასმედიის წარმომადგენლებისათვის პრეს-კოქტეილი, ასევე ქართული ცეკვევბის სახალხო ანსამბლ „იბერიელისა" და სხვა შემოქმედებითი კოლექტივებისა და მომღელების მონაწილეობით მინი-კონცერტი გაიმართება.
ფესტივალის გახსნაზე მონაწილეობას ასევე მიიღებს საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი ჯგუფი „The smile shop".
კინოფესტივალი რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინების" პრემიერით გაიხსნება.
5 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება როგორც ახალი ქართული კინოფილმები, ასევე საბჭოთა დროინდელი, ძველი ფილმები, მათ შორის დოკუმენტური ფილმი "ნეტავ იქ თეატრი არის?!", "ფიროსმანი", "სუსა", "ქუჩის დღეები", "ქეთო და კოტე", "ბოლო გასეირნება", "გაიღიმეთ", "მარილივით თეთრი".
კინოფესტივალის გახსნას უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ტიმოფეი კოხანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრებიან.