როგორც ცნობილი გახდა, ზუგდიდის რაფიელ ერისთავის სახელობის ცენტრალურ ხეივანში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებიდან დღეს ცნობილი სიმღერა „მიშა მაგარია" ისმოდა.
„რეპორტიორი" ინცინდენტთან დაკავშირებით ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას დაუკავშირდა და შეეცადა გადაემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს და ის ფაქტი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა თათბირი სასწრაფოდ მოიწვია და ხეივნის აუდიოფიცირების სამართავი პუნქტის თანამშრომლების დასჯას.
„არავის დასჯას არ ვაპირებთ. ხეივანში მართლაც ისმოდა სიმღერა „მიშა მაგარია", მაგრამ ეს მხოლოდ უბრალო გაუგებრობაა და მეტი არაფერი. სერიოზული გაგრძელება ამ ფაქტს არ მოჰყოლია. არც თათბირი მოუწვევია ვინმეს",- აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, ხეივანში ხმის გამაძლიერებლები წინა ხელისუფლების დროს დამონტაჟდა. გამაძლიერებლებს მიერთებული აუდიომოწყობილობის სამართავი პუნქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შენობაშია და პლეილისტს რამდენიმე პირი მართავს.
ხეივანში, ძირითადად, ქართული, პატრიოტული შინაარსის სიმღერები და უცხოური ჰიტები ისმის ხოლმე. სიმღერები სხვა დღეებშიც ისმოდა, თუმცა „მიშა მაგარია" ზუგდიდელებს ხეივანში კარგა ხანია არ გაუგონიათ და მისმა ჩართვამ ზოგში დაბნეულობა და ზოგშიც მხიარულება გამოიწვია.