დიდ ფრანგ მწერალს ვიქტორ ჰიუგოს აქვს ასეთი გამონათქვამი: „წიგნის შემოქმედი ავტორია, მისი ბედის განმსაზღვრელი - საზოგადოება". ნინო მიქიაშვილმა ქართველ მკითხველს აჩუქა (!) წიგნი, რომლის არსებობის საჭიროებაზე საუბარი ზედმეტი მგონია, ახლა თავად საზოგადოებამ უნდა იზრუნოს მის ბედზე, რათა ხვალ და ზეგ ჩვენს შთამომავლებს საქართველოს ეროვნული გმირის განვლილ გზაზე ნაკლები კითხვები გაუჩნდეთ. აქვე მსუბუქი „საყვედურის" თქმასაც ვაპირებდი, ქალბატონი ნინოსთვის... წიგნის წაკითხვის შემდეგ, ოდნავი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდა, რადგან უფრო გამოწვლილვითა და დეტალებში გაცრილი მერაბ კოსტავას ნაფიქრ-ნააზრალთან შეხების სურვილი გამიჩნდა;
ჩემი ვარაუდის გაზიარებას ავტორისთვის პირადად ვაპირებდი, თუმცა ამის საჭიროება მას შემდეგ გაქრა, რაც ბოლოთქმას გავეცანი; მალე ამ წიგნის მეორე ნაწილიც გამოიცემა და მერაბ კოსტავას ღვაწლის შეფასებასაც უკეთ შეძლებს მკითხველი.
მეგონა, ბევრი რამ ვიცოდი მერაბ კოსტავაზე და სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც ჩემთვის და ალბათ, ქართველი საზოგადოებისთვისაც დღემდე უცნობ ფაქტებსა და ფოტოებს გავეცანი.
ბევრ ადამიანს არა აქვს იმ სიტყვების თქმის უფლება, სათაურად რომ წავუმძღვარე ამ წერილს. ეს სწორედ ზეცისა და ქვეყნის ღირსეულ შვილებს ხელეწიფებათ და ამიტომაც უფრო მეტი უნდა ვიცოდეთ მათი ტკივილიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ... აკი გვპირდება კიდეც ქალბატონი ნინო, რომ მეორე წიგნით საშუალებას მოგვცემს მერაბ კოსტავას, როგორც ფენომენისა და საოცარი მოვლენის არსს ჩავწვდეთ და კარგად გავიაზროთ - ვინ და რატომ...
სიამოვნებით დაველოდები ამ დროს, მანამდე კი „რეპორტიორის" მკითხველებს გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ავტორთან.
P.S. სასიამოვნოა, რომ ამ წიგნის ღირებულება ფულით არ გაიზომება და იგი უსასყიდლოდ დარიგდება, უმჯობესი კი ის იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება მის ნამდვილ ფასეულობას აღმოაჩენს და საკადრის ადგილსაც მიუჩენს!
„...გაშლილი გულით, ღიმილით პირზე,
ისე, ქართველ კაცს, რომ ეკადრება,
თუ მეღირსება ნეტავ გამზირზე,
ამაყად დგომა ნაცნობ ჭადრებთან,
კოლხეთით ტკბობა რიონის პირზე,
მუხლის მოდრეკა ქართულ ტაძრებთან.
ეს თუ არ მოხდა აღარ ვინაღვლი,
ცხოვრება ჩემი განვლიე სწორად,
მუდამ მთლიანი ვიჯექ ინახად
არ გავთიშულვარ აროდეს ორად,
წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო..."
ნინო მიქიაშვილი: ნამდვილ გმირებზე საუბარი აღარავის უნდა
- რატომ დაინტერესდით მერაბ კოსტავათი? საქართველოს უახლესი ისტორია ხომ ლამის ყოველდღე „გვჩუქნის" გმირებს?
- ბოლო ათწლეულია გმირობის გაუფასურება ხდება. თურმე შენს საქმეს რომ აკეთებ, უკვე გმირი ხარ; ასეთი მიდგომისას კი ნამდვილ გმირებზე საუბარი აღარავის უნდა, დრო კი გადის, შესაძლოა წლების შემდეგ მთაწმინდის პანთეონში მისულმა ახალგაზრდებმა იკითხონ კიდეც მერაბ კოსტავა ვინ იყოო. ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ამ პიროვნების როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შეუფასებელი და დაუფასებელია.
- წიგნის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი უფრო მეტად ყოფილიყო გაშუქებული მისი ცხოვრება, მერაბ კოსტავა ხომ მხოლოდ ქართული მოვლენა არ იყო; მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდის ევროპელ და რუს დისიდენტებთან, რომლებიც კოსტავას პიროვნებას დიდ პატივს სცემდნენ.
- მეორე წიგნში უფრო ფართოდ და სიღრმისეულად იქნება წარმოდგენილი მერაბ კოსტავას ცხოვრება, მისი ურთიერთობები და რაც მთავარია მსოფლმხედველობა. ამჟამად გოგა ხაინდრავა იღებს დოკუმენტურ ფილმს ბატონ მერაბზე, სათაურით „კართაგენი უნდა დაინგრეს". I სერია თითქმის დასრულებულია; ფილმში ისაუბრებენ ცნობილი პოლონელი, ბალტიისპირელი დისიდენტები, რომლებიც ახლოს იცნობდნენ მერაბ კოსტავას და იმ პერიოდის დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერადაც მოიაზრებდნენ. მცირე დოზით მეც ვთანამშრომლობ გოგა ხაინდრავას შემოქმედებით ჯგუფთან და ამ ადამიანების შეფასებები წიგნშიც იქნება გამოყენებული.
- გორგასლიანების შესახებ თუ იქნება უფრო ვრცელი ინფორმაცია? ამ ადამიანებმა უაღრესად საინტერესო ცხოვრებით იცხოვრეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთი ღირსეული ფურცელიც ჩაწერეს.
- რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ გორგასლიანების ყველა წევრზე მომეპოვებინა ინფორმაცია; მეორე წიგნში მკითხველი აქამდე უცნობ ბევრ საინტერესო მოვლენასა და ფაქტებს გაეცნობა. ძალიან საინტერესოა, 1956 წლის 5 აპრილს დახურულ სასამართლო სხდომაზე გადაღებული ფოტოს ისტორია, რომელიც გურამ სხირტლაძის ძმამ, ჯემალმა, სიცოცხლის რისკის ფასად, გადაფხეკილი ფანჯრის ჭუჭრუტანიდან გადაიღო და შემდეგ მთელი ცხოვრება ფირს ჭაღის სამაგრში მალავდა. არ მინდა წინასწარ თქმა, მაგრამ მსგავსი, დღემდე უცნობი ამბები, მეორე წიგნში მრავლად იქნება.
- გისურვებთ წარმატებებს და დამშვიდობებამდე ბოლო შეკითხვა: რამდენადაც ვიცი წიგნი არ გაიყიდება, ტირაჟიც საკმაოდ პატარაა, როგორ მოიქცნენ ისინი, ვისაც წიგნი საჩუქრად არ შეხვდება?
- წიგნის ელექტრონული ვერსია საჯარო ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე განთავსდება და მსურველებს შეეძლებათ იქ წაიკითხონ. მოხარული ვიქნები, თუ ეს წიგნი ქართულ საზოგადოებაში, ახალგაზრდებში, მერაბ კოსტავას ფენომენით დაინტერესებას მცირედით მაინც შეუწყობს ხელს.