პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონს და „ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ ვეტო დაძლეულ კანონპროექტებს ხელი არ მოაწერა, რის გამოც დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღვანდელ სხდომაზე კანონპროექტებს ხელი თავად მოაწერა.
საკანონმდებლო მაცნეში კანონპროექტები, სავარაუდოდ დღესვე გამოქვეყნდება და კანონით განსაზღვრულ ვადებში ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, მცირდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა თხუთმეტიდან ცხრა წევრამდე. ორ წევრს სახალხო დამცველი წარადგენს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს - უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები, ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგებლობა 2014 წლის 1 იანვრიდან შეიცვლება სრულად, მანამდე საბჭოს ამ დროისთვის არსებული შემადგენლობა გააგრძელებს ფუნქციონირებას. სამეურვეო საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან.
მცირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.