დღეს ცნობილ მწერალს და კონოდრამატურგს ერლომ ახვლედიანს 80 წელი შეუსრუდებოდა. მისი სცენარით ბევრი ქართული ფილმია გადაღებული.
„რეპორტიორი" ერლომ ახვლედიანის მეგობარს, რეჟისორ რეზო ესაძეს დაუკავშიდა, რომელმაც და დრამატურგი გაიხსენა და აღნიშნა, რომ არ უნახავს ისეთი ადამიანი, როგორიც ერლომი იყო.
„ეს იყო ერთ-ერთი უნშვენიერესი პიროვნება, რომელიც საერთოდ ჩემი უკვე არამოკლე ცხოვრების მანძილზე მინახავს, ერთ-ერთი უმშვენიერესი თავისი არაჩვეულებრივობით და არასტანდარტულობით. დღეს ჩვენს ქვეყანაში ერლომის მსგავსი პიროვნებები რომ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყანა სხვა იქნებოდა... ასეთი სიყვარულითა და სავსე ყანწით ვსვამ მის სადღეგრძელოს", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში რეზო ესაძემ.
ერლომ ახვლედიანის დაბადებიდან 80 წლისთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოემაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შემოქმედება მუდამ ძვირფასი იქნება ქართველი მკითხველისა და მაყურებლისათვის.
ერლომ ახვლედიანი 1933 წლის 23 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; 1964 წელს ქალაქ მოსკოვში გაიარა უმაღლესი სასცენარო კურსები; 1959-1960 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი; 1967-1968 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიას; ასევე, 1971-1972 წლებში იყო „ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი; 1979-1987 წლებში დანიშნეს სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროს რედაქტორად.
მისი ცნობილი ნაწარმოებია „ვანო და ნიკო", რომელიც 1956-1958 წლებში დაწერა. მოგვიანებით, მოთხრობათა კიდევ ერთი კრებული გამოჩნდა - „ზარმაცი წრუწუნას ცხოვრება". „ვანო და ნიკო" მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს, მანამდე კი ხელნაწერის სახით შემოიარა ნაცნობების წრე. ვერცერთი გამომცემელი ვერ ბედავდა ხელი მოეკიდა ასეთი ექსპერიმენტული, არაიდეოლოგიური ნაშრომისთვის.
„ვანო და ნიკომ" ქართული ლიტერატურის 15-საუკუნოვან ისტორიაში მითიური სახელი დაამკვიდრა.
მისი სცენარით გადაღებულია ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: აპრილი - 1962, უსახელო უფლისციხელი - 1968, ფიროსმანი - 1969, საერთო კედელი - 1972, ივანე კოტორაშვილის ამბავი - 1974, ამაღლება - 1977, ბათა ქექია - 1978, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - 1978, არასერიოზული კაცი - 1980, ცხელი ზაფხულის სამი დღე - 1981, ძნელი დასაწყისი - 1981, გზა შინისაკენ - 1981, ქართლოსიანთა საკურთხეველი - 1982, ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა - 1984, ეი, მაესტრო! - 1987, ნოე - 1991, ერთაწმინდა -1994, სულელი ბროწეულის ხე - 1999.
2011 წელს ერლომ ახვლედიანს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა" რომანისთვის „კოღო ქალაქში", რომელიც მთელი 40 წელიწადი იწერებოდა.
რეჟისორს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „დაბრუნება", „სუვენირი", „თეთრი ღამე" და „ცხელი ზაფხულის სამი დღე" .
მისი ნამუშევრები ითარგმნა რუსულ, სომხურ, გერმანულ, უნგრულ, სირიულ, არაბულ ენებზე, 2003 წელს კი ნიდერლანდურ ენაზეც.
ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა 2012 წლის 20 მარტს, 79 წლის ასაკში და დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.