უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. მისი თქმით, „ოფიციალური კიევის გადაწყვეტილება არა სტრატეგიულ, არამედ, ტაქტიკურ ხასიათს ატარებს". როგორც ნიკოლაი აზაროვმა ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება არ ნიშნავს, რომ უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანება სურს.
უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის გაგრძელების შეჩერებას მოსახლეობა უკვე ორი დღეა ქუჩაში აპროტესტებს. საპროტესტო აქციები კიევში, ლვოვში და ქვეყნის კიდევ რამდენიმე ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ევროპული ქვეყნების ლიდერების გამოხმაურებაც მოჰყვა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე აცხადებს, რომ „ბრიუსელს კიევისაგან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია, ამიტომ უკრაინისათვის ევროპის კარი ისევ ღია რჩება".
ევროკავშირის ელჩი უკრაინაში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი კი მიიჩნევს რომ „ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი და უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმედი არ დაუკარგავთ, რადგან იმედი ბოლოს კვდება".