„ძაღლის კუდი არ გასწორდებაო", უხსოვარი დროის წინ ნათქვამია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ფრთიანი გამონათქვამი კიდევ კაი ხანს იქნება მოდაში.
მდგომარეობა, ცოტა არ იყოს, კომიკურ სახესაც იღებს. გაბაშვილების, ბეჟუაშვილების, კუბლაშვილებისა და სხვათა და სხვათა „პატრონი" ყოფილი ხელისუფლება, დღევანდელ ხელისუფლებას დებს ბრალს ნეპოტიზმში. მასხარაობაა, აბა რა! უფრო სწორად, მასხარაობა მათ საქციელშია, თორემ ამ თემაზე, საზოგადოების ყველა წევრს აქვს უფლება დღევანდელ ხელისუფლებასაც მოსთხოვოს პასუხი. მით უმეტეს, აქვს უფლება, მაშინ, როცა ნეპოტიზმი დღესაც (განსაკუთრებით რაიონებში) ფრთაგაშლილი ნავარდობს.
ასეთ მასხარაობას დღემდე ვისმენთ ტელეეკრანიდან, თუ პარლამენტის ტრიბუნიდან, არ ცხრებიან ბარამიძეები, მაჭავარიანები, თაქთაქიშვილები, წიკლაურები, ნადირაშვილები და უგულავები. ასეთ მასხარაობასა და სახლობანას თამაშის შედეგია დღევანდელი ვითარებაც.
უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი ხდება. მიზეზი და მიზანი კი, რომლის უდიდესი წილი ისევ „ნაცმოძრაობის" კისერზეა, ძალზე სერიოზულია და ნეპოტიზმზე ბევრად უფრო საგანგაშოც!
ყოფილმა ხელისუფლებამ ყველაფერი აკეთა იმისთვის, რომ ჩვენნაირ სახელმწიფოში, იქ, სადაც ჯერჯერობით, გარანტირებული ხელფასი მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურამ შეიძლება მოგცეს, იქ, სადაც ერთი კაცი წყვეტდა, ბიზნესში ვის რამდენის შოვნის უფლება ჰქონდა, იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა პურსა და სიგარეტს ნისიად ყიდულობს მაღაზიაში, ნეპოტიზმი, ძმაბიჭობა და ნათლიმამობა ღვიძლი ძმები გამხდარიყვნენ.
ორ სიტყვას - „სამსახური მაშოვნინე", ყველაზე ხშირად ვამბობთ ქართველები. დაინიშნება თუ არა ვინმე მეტ-ნაკლებად გავლენიან პოსტზე, მაშინვე დგება ახლობლებისა და ნათესავ-მეგობრების რიგი მისი კაბინეტისა თუ სახლის კართან და გალურჯებამდე რეკავს მისი ყველა ტელეფონი. არის ერთი ხვეწნა-მუდარა, ნათელ-მირონისა და კაცური ვალის შეხსენება და იმის მტკიცებაც კი, რომ ინჟინერია, მაგრამ ექიმად და იურისტადაც გამოდგება. ნეპოტიზმი ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენი არეულ-დარეული ცხოვრების წესის, სიდუხჭირისა და მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგიცაა, მაგრამ ხომ არსებობს სინდისიც. თუმცა, სინდისი და უტიფრობა ერთად როგორ მოძოვს.
ასე და ამგვარად, სწორედ ყოფილი ხელისუფლების დიდი მეცადინეობით ჩაანაცვლეს დღეს უკვე სახლში მჯდომი უპატრონო პროფესიონალები, პატრონიანმა „იურისტებმა" და „ინჟინრებმა", „პოლიტიკოსებმა" და „ჟურნალისტებმა".
ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის დროს დასმულ კითხვას - რა იქცა საქართველოში კორუფციის „დამარცხების" მიზეზად - ყოფილმა ხელისუფლებამ, ისე რომ არც უფიქრია რას ამბობდა - „კუდისა" და „სოდის" მიმართულებით გაიშვირა ხელი და ამდენად, მთავარ მიზეზად, ძალოვანი სტრუქტურების კარგი მუშაობა დაასახელა.
დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი სასამართლო პროცესების ფონზე, ამ ყოფილი მთავრობის წევრებს რომ უთხრა - ისე დაგიმშვენდათ ცხვირი, როგორც საქართველოში კორუფცია დამარცხდაო - სხვა რომ არაფერი, მათი ცხვირები მაინც უნდა შეგეცოდოს პატიოსან კაცს.
კორუფცია დამარცხდა კი არა და, ბოლო ათი წლის მანძილზე, ყველაზე უმნიშვნელო ტენდერიც კი არ გამართულა ჩვენი ხელისუფლებისგან წილის მოთხოვნის გარეშე. ბიუჯეტიდან გამქრალ მილიარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რომ აღარაფერი ვთქვათ ჩალის ფასად გაყიდული, ანდა სიმბოლურ - ერთ ლარად ახლობლებზე მიყიდული მილიონობით ღირებულების ქონებაზე.
ამას წინათ, ბატონი გია ბარამიძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას თავმოძულებული გაჰყვიროდა, ტყუილია, პრეზინეტის დედას სახელმწიფოსაგან ერთ ლარად არაფერი წაუღიაო. არადა, ცალი თვალით რომ ჩაეხედა საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ზოგიერთ დოკუმენტში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ გიული ალასანიას ბათუმსა და თბილისში ჰექტრობით მიწები და შენობები აქვს დიახაც რომ ერთ ლარად ნაყიდი, ანდა ცალი თვალით რომ ეყურებინა ნათია მიქიაშვილის გადაცემებისთვის, სადაც სწორედ ეს დოკუმენტაციაა გამოქვეყნებული, იქნებ ყოფილი პრეზიდენტის არც ისეთი აქტიური დამცველი ყოფილიყო.
ეს საკუთარ ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე ქონების გასხვისება ისეთივე ტყუილია, როგორც არის სიმართლე - ათასობით ადამიანმა, საკუთარი ოჯახები რომ დატოვა შემოსავლისა და ლუკმა-პურის გარეშე და საკუთარი ნებით აჩუქა კერძო პირსა თუ სახელმწიფოს მილიონების ღირებულების საკუთარი ქონება.
უტიფრობის მიზეზი, მარტო ზრდილობის დეფიციტი კი არა - ხშირად შიშიცაა - პასუხისგების შიში.
მოგიწევთ პასუხისგება ბატონებო - მოგიწევთ!