საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „თუ დადგინდა, რომ ზუგდიდსა და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში „ქართული ოცნების" წევრები მონაწილეობდნენ, ისინი კოალიციიდან გაირიცხებიან".
საქმე ეხება, ზუგიდსა და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული პრაიმერის წინ მომხდარ ინციდენტებს, როცა საპროტესტო აქციის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სხვადასხვა საგნები ესროლეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ დამნაშავეები დაკავა და ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.
„გახსოვთ, ეს ვერტიკალი მათ დროს როგორც მუშაობდა, როგორ ხდებოდა ასეთი შეხვედრების ორგანიზება და როგორ მხვდებოდნენ პირადად მე, რა პროცესები იყო გამართული გამგებლებისა და მათი მოადგილეების მხრიდან. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ცენტრალიზებულად ხდებოდეს. მსგავსი არაფერი ხდება, რომ ჩვენ ორგანიზება გავუკეთოთ. პირიქით, მე გავეცი თხოვნები და ბრძანებები, რათა ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ მსგავსი ექსცესები არ მოხდეს. დღეს განვაცხადე, რომ მომიტანონ კონკრეტული გვარები. თუკი ვინმე ჩვენი პარტიიდან ამაში მონაწილეობდა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნებიდა" გავრიცხავ და ისინი ჩვენი წევრები არ იქნებიან. მე ძალიან მკაცრი რეაქცია მექნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.