„უამრავი რაღაც მაქვს სათქმელი, უამრავი, მაგრამ წერა მეზარება. ადრე წერის მოთხოვნილება მქონდა... ახლა - აღარ... არ მინდა... ახლა წერის გარეშეც მშვენივრად ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ უცნობი, უცხო სამყაროს წინაშე. ეს „გრძნობათა სამყაროა". გული ფეთქავს, სული გრძნობს... ეს ადამიანთა მიღების სამყაროა თავისი უმდაბლესი და უსაზიზღრესი, გულისამრევი, მდაბიოთა განცდებით, აგრესიითა და სიყვარულით გაჟღენთილი..."
ეს ციტატა ერთი უცნობი პოეტის დღიურიდანაა. თვითონ ამ ჩანაწერებს აბდაუბდას უწოდებს. მიიჩნევს, რომ არც ჩანაწერით და არც ლექსით განსაკუთრებულს არაფერს ქმნის. ნიჭიერი ადამიანების თვისებაა თავმდაბლობა.
თუ ჰკითხავ, როგორ იწყება მისი დილა, შეგისწორებს; გეტყვის,რომ დილა საერთოდ არ აქვს და რომ საღამოა მისი დღის ათვლის წერტილი. აი, ეს ათვლის წერტილი კი მისთვის სიგარეტით იწყება და გრძელდება გვიან ღამემდე. წერს, ბევრს წერს. წერით ტვინს გეგაბაიტებს ვუთავისუფლებო, - ამბობს.
ეს ალექსანდრე ბედიაა. პოეტი, რომლისთვისაც „პოეზია სულისა და სხეულის დისჰარმონიის შედეგია, უფრო სწორად - სულის ჰეგემონია"... ჰეგემონია, რომელიც ასე კარგად ჩანს მის თითოეულ ფრაზაში და ისინიც, პირველივე წაკითხვისას გაგრძნობინებს,რომ მათში შენი სამყაროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩანდეს, - მელანქოლიური და სევდიანი, მაგრამ ის მაინც შენია და შენც, ასეთი ნაღდი მელანქოლია ასი თავით გირჩევნია ფსევდოპოეტების ყალბ ბედნიერებას.
ალექსანდრე ნაღდია.
ამიტომაა ის ჩემი პოეტი.
მე ვიწყებ, ის ამთავრებს.
დავიბადე მარტვილში, 1985 წლის 2 აგვისტოს, პარასკევ საღამოს, გაგანია კომუნიზმში.
წერა დავიწყე, როცა ვიგრძენი, რომ მერხეოდა.
ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ისე იყო,როგორც მე ვხედავდი.
ჩემთვის შთაგონების უმთავრესი წყაროა სიმშვიდე და სიმარტოვე.
თანამედროვე ქართველი პოეტებიდან გამოვარჩევ თემურ ელიავას, გენრი დოლიძეს, როინ აბუსერიძეს, გიორგი გაბაიძეს, ნიკა ჩერქეზიშვილს, ზვიად რატიანს, გაგა ნახუცრიშვილს, ლაშა გახარიას, გიორგი საჯაიას...
მიყვარს პოეტი, რომელიც არ მიიჩნევს, რომ პოეტია.
ყველაზე ხშირად მესიზმრება ბავშვობა და გაყვითლებული გარემო, - მონაცვლეობით.
რასაც ყველაზე მტკივნეულად განვიცი, არის ის, რომ იუმორის გრძნობა და ფანტაზიის უნარი დავკარგე და რომ მოვლენებს ცალსახად ვაფასებ.
სარკეში ჩახედვისას ვხედავ, რამდენჯერაც არ უნდა დაიბადო, ბოლო მაინც ერთია.
არასდროს იცვლება წარმოდგენები საკუთარ თავზე.
ბოლო დროს მე გავხდი ძალიან ინდეფერენტული.
ბოლოს წავიკითხე თომას მორის „უტოპია", პარალელურად - ეზრა პაუნდის ლექსები (რა თქმა უნდა, თარგმანი. ყოველთვის რამდენიმე წიგნს ერთად ვკითხულობ, შთაბეჭდილებების გასაზავებლად.
ვაპირებ... ეს სიტყვა ზედმეტია. არაფერსაც არ ვაპირებ.
მიკვირს, როცა მექებენ.
უკვე გამოგონილი რომ არ იყოს, მე გამოვიგონებდი ყველს, ოღონდ - მართლა.
პირველად რომ შემიყვარდა, ვფიქრობდი, რომ ეს უკანასკნელიც იქნებოდა.
იცოცხლო, ნიშნავს, იბრძოლო, იბრძოლო მიზანმიმართულად, გააზრებულად, გამოკვეთილი მიზნებისთვის. ის მიზანიც ერთადერთი უნდა იყოს, როგორც - თვით სიცოცხლე.
ქალი ყველაზე ლამაზია, როცა ბუნებრივია, არ არის პომპეზური და არ ცდილობს, სილამაზის დემონსტრირებას და თუ ასეთიც არ არის ლამაზი, მაშინ ყოველგვარი კავშირი უნდა გაწყვიტოს სილამაზესთან და მასთან ახლოს მდგომ ყველა სხვა ცნებასთან.
საკუთარ თავთან დიდ კომპრომისზე წავედი, როცა მოთმინება ვისწავლე, ამპარტავნებასთან ბრძოლას შევეცადე. მერე ამ კომპრომისთანაც კომპრომისზე წავედი...
ჩემი ბოლო ლექსია:
„თქვენზე ნანახ სიზმრების
კოლექციას ვაგროვებ,
მექანიკურ თარიღებს
გაუხუნდათ ფერები
და შორეულ კავშირთა
პირამიდებს აგორებს
უნაპირო მდინარე
საოცარი ბგერების..."
დავწერე სულ რამდენიმე დღის წინ, შუადღით, გაღვიძებისთანავე. ბავშვობა დამესიზმრა.
ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის ვიცხოვრო, ისე რომ ადამიანები არ გავაღიზიანო.
ერთი კარგი ფილმი ვნახე: ეს იყო ნეორეალიზმის შედევრი, ვიტორიო დე სიკას „სასწაული მილანში". აქ აღწერილია იტალიის ერთ-ერთ ღარიბ რაიონში დასახლებული მაწანწალების ცხოვრება... ის, თუ როგორ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ეს დასახლება მდებარეობს ნავთობის საბადოზე. ამ დღიდან იწყება ფიქრი მდიდრულად ცხოვრებაზე და თანდათან შემოდის ადამიანებში შურის, კონკურენციის და უნდობლობის გრძნობა. ერთი სიტყვით, ყოფა - დაზიანებული ბოროტების მიერ.
ადრე უტიფრობამდე მისული სითამამით და თავისუფლების ხარისხით გამოვირჩეოდი, მაგრამ მაშინ თავისუფლებაც სხვანაირად მესმოდა. ახლა ეს მდგომარეობა ნიჰილიზმამდე მისულმა პესიმიზმმა შეცვალა.
ყველაზე მეტად მიყვარს ბავშვობის მოგონებები და საერთოდ, ბავშვობასთან ისე მჭიდროდ ვარ მიბმული და მიჯაჭვული, რომ ბავშვობა რომ გამომაცალოთ, ძალიან დიდი გაურკვევლობა დავრჩები. ბავშვობის საშუალებით ვახერხებმომავალთან კავშირის დამყარებას.
ერთხელაც ავდგები და... გამოვაცხადებ: შევეშვათ სტანდარტებს, წავშალოთ ტრაფარეტებიდან ლოზუნგები, გავაუქმოთ თარიღები, დავამარცხოთ შიში და ვიყოთ თავისუფლები (და აღვნიშნოთ, რომ ეს პასუხი ძალიან პათეტიკურია).
საინტერესო რაღაც მითხრა ადამიანმა: ბერობის არსი არის უმტკივნეულესი, - ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ამპუტაცია ცდუნეებებისა, ამ ცდუნებების აღმძვრელი საგნებისაგან გაქცევის გზით, - ერთმა ბერმა მითხრა ეს.
იყო დრო, როცა გულუბრყვილოდ მჯეროდა ადამიანების, მაგრამ სკეპტიციზმმა თავისი სიდიადე გამოავლინა და ნდობის ხარგისხი ნულს გაუტოლა.
გუშინ მთელი დღე წვიმდა, წასასვლელი მაინც არსად არ ვიყავი და მთელი დრო ძველ ჩანაწერებში ქექვას მოვანდომე, მაგრამ საინტერესო მაინც ვერაფერი აღმოვაჩინე.
დღეს როცა არასასიამოვნო, ცუდი სუნი შევიყნოსე. გული ამერია, მაგრამ იმწამსვე მანამდე უცნობი განცდა მოვიდა. სწორედ ყნოსვა აჩენს შეგრძნებებს, შეგრძნებები კი „ვარ" განცდას იწვევს. საკუთარი თავის „დასაჭერად" საჭიროა აღქმების დაშვება, ხედვის, ყნოსვის, გემოს, ხედვის და შეხების... ასე მივხვდები, რომ „ხარ".
ყველაზე მეტად მიჭირს მთავარი და მნიშვნელოვანი შეცდომების აღიარება. უმნიშვნელოებს ადვილად ვუმკლავდები. და მაინც, ჩემში ეშმაკი ბოლომდე ვერ ცხოვრობს, თუმცა ჩემს თავში გარკვეული ფართი მაინც აქვს ნაქირავები.
ჩემს თავს ვადარებ მდინარის კალაპოტში ჩაყრილ ნაფოტთაგან ერთ-ერთს, წუთით ამოღებულს და მერე ისევ უკან ჩაბრუნებულს, რომელიც თავის მეგობარ ნაფოტებს ვერასდროს დაეწევა.
იმის წარმოდგენაც მაშინებს, რომ მარტო დავრჩები, რადგან სიმარტოვე მარტო ყოფნა კი არა, ყველაფრისგან განდგომაა და არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, მით უფრო - თავისუფლებასთან.
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს უმრავლესობის აზრს, რადგან ყველა გავრცელებული იდეა, საყოველთაოდ მიჩნეული ჭეშმარიტება თუ უმრავლესობის მოსაწონი გახდა, ე. ი. სისულელეა.
არასდროს სულის საცხონებლადაც რომ დამჭირდეს, არასდროს შევიცვლი პოზიციებს, პრინციპებს, დამოკიდებულებებს სხვისი გავლენით, სანამ საკუთარი დასკვნებით არ მივალ ჭეშმარიტებასთან.
ყოველთვის მექნება საპირისპირო პოზიცია უგუნურობის, უვიცობის, ერთფეროვნების, უშინაარსობის წინააღმდეგ და ყოველთვის ვეცდები მათი ლუსტრაცია მოვახდინო...
ესაა ჩემი პოეტი - აქამდე მხოლოდ მეგობრების, ახლა უკვე - თქვენიც.
***
„გარემოს რომ ვუყურებდი, დედამიწა დაღლილი, მარტოსული და მიტოვებული ჩანდა, ამავე დროს - გამარჯვებული. ხეები, მზე, მთვარე... ყველაფერი გამარჯვებული იყო. დიახ, გავიმარჯვე!.. რაღაცაზე გავიმარჯვე.. მაგრამ სადღაც ძირში სევდიანი იერი ჰქონდა.
დამარცხებულის გამარჯვებას ჰგავდა.
თითქოს გვიან მიხვდა; გეყო გაქვავება, საზოგადოებისგან მოწყვეტა, მობრუნდი, ასე შენვე დაისვენებო!.. გულს უნდა ეს. ეს ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც წყურვილის დროს წყლის დალევა.
ნეტა რატომ არის,რომ აკრძალულის დაშვებას სიკვდილი მირჩევნია? ხსნა სიკვდილი უფროა, ვიდრე - თავისუფლება. თუ ორივე სიკვდილია, რაღა მანამდე - სიკვდილამდე მოვიკლა თავი...
ვიქნები ისევ თავისუფალი..."
***
თვითმკვლელობა
მოკვდა ლურჯი ზღაპარი,
ჩანს, ცხოვრება მგლობაა,
ჩემი თავშესაფარი
მხოლოდ თვითმკვლელობაა.
გაქრა ცრუ იმედები,
სურვილებმაც მომბაძეს,
სრული თავგამეტებით
ვფიქრობ თვითმკვლელობაზე.
ვერავინ ვერ ამიხსნის
არსს ასეთი ყოფისა,
ვერაფერი დამიხსნის
გარდა თვითმკვლელობისა.
გაორება, დუმილი,
ტანჯვა, გაურკვევლობა,
ცხოვრებას აზრს უკარგავს
ვფიქრობ, ეს თვითმკვლელობა.
აღარ მშველის წამალი,
ვხვდები, საქმე რაშია;
ჩემი გამოსავალი,
ვგრძნობ, თვითმკვლელობაშია.
არავისთან არ ვყვები,
არც არავინ არ მისმენს,
ხოდა, ჩუმად გავყვები
ქუჩას თვითმკვლელობისკენ...
ღამის შავი არშია
თავს წმინდანად ასაღებს,
არაფერი არ შია
სულს თვითმკვლელობასავით.
ყველაფერი დამთავრდა,
აქ სამყაროს კიდეა,
მოსვენებას კარგავდა
თვითმკვლელობის იდეა.
ჯოჯოხეთი სადაა?..
ჯოჯოხეთი მომიცდის,
ყველაფერი მზადაა
უკვე თვითმკვლელობისთვის!
***
ეკლიპსი,
პეპსი,
ლექსი და კექსი,
ბურგერი ჰამი,
ბურგერი ჩისი,
მთავრდება ღამით,
იწყება დღისით,
დაასხი,
შესვი,
მიირთვი ნესვი...
ძმანი,
მამანი,
დანი,
დედანი,
იასამანი,
ფრანცი,
ბრეტანი,
სამხრეთ აფრიკა,
ჩემპიონატი,
დრომ გამოფიტა ჩვენი ფორმატი...
როცა ასეა შენი ბრალია,
იწვის აზია და ავსტრალია...
პ.ს. არც ნოეს ესმის და არც აბრაამს,
არც მოსეს,
მსოფლიო მყვირალა სიშიშვლით შემოსეს.
***
დილა გაახელს ავდრიან თვალებს
და საღამომდე იგლოვებს წვიმა.
საღამო შხამით სავსე თასს დალევს
და ხვალ დილამდე მივა? - ვერ მივა!
არსაზეიმოს ვუკვეთავ კავშირს,
მაგრამ რაცა ვარ, მე მაინც ეს ვარ,
ჩვენი წარსულის უნიჩბო ნავში
გკითხავ - ეს ღამე შევა? - ვერ შევა!
აწ ყოველგვარი სიმშვიდე მიკვირს,
დრო აადუღებს ფიქრის სამოვარს,
თუმც აღარ მჯერა და მაინც ვიტყვი -
გამოვა რამე? თუ არ გამოვა?
გადაჭრილ მაჯას დატოვებს პულსი,
ვერ დაასრულებს სისხლი დინებას,
სიკვდილს მიეცა მყარი იმპულსი
და სიცოცხლესაც მიეძინება.
ქართულად - „ვაშა!", რუსულად - „ურა!"
სიცოცხლისათვის? არა, მზად არ ვარ,
სრულყოფილება ქუდს დაიხურავს,
მე ხომ უბრალო არამზადა ვარ.
და ამდენი ხნის ყოფა გმირული
არ დამთავრდება უბრალო რამით,
მე - ფანტაზიის ხმას შეწირული,
თავს უსათუოდ მოვიკლავ ღამით.
მოუსვენარი ღამე მქონდა და
დილით გადავწერ ამ ლექსსაც სადმე,
აზრთა გუგუნის დგას კონონადა,
განწყობას უქმნის გარემო საფრთხეს.
და ყოველღამე უგონოდ ვთვრები,
ავიღე თითო მაჯისცემიდან,
ოცნებას ჩემსას დასცვივდა ფრთები,
ფეხებს ვერ მომჭამს აწი თემიდა!
***
მე ჩემი მკაცრი ფიქრი მაკვირვებს,
ვაშენებ სიტყვებს და სახლებს ვეძებ,
და უკან მივსდევ უხეშ სატკივრებს.
რომლებიც დამრჩნენ წინა დღით გზებზე.
კვლავ ვიმეორებ ბავშვობის ჩვევებს,
ისევ იგივე შეცდომებს ვუშვებ,
ისევ ვაკლივართ მე დანარჩენებს,
თითქოს აგური დააკლდათ მუშებს.
თითქოს და თურმე, ვითომ და მართლა,
მოსაბეზრებლად ბევრია ბრძოლა,
მე მირჩევნია, რომ ერთად ახლა
სადმე უღრანში განვაგრძოთ წოლა.
***
მინდა მყავდე... მე შენ,
მიღიმოდე ხანდახან,
სიყვარულის გარეშე,
სიყვარულის გადაღმა.
მჭირდებოდეს გაცნობა,
ცა მერტყმოდეს - „ცრუ არი",
მაგრამ წვიმამ მაცნობა
კორექტული უარი.
შემოდგომის ღამეში
წვიმა უყვართ პატიმრებს,
მე კი, მე - შენ გარეშე
წვიმის დედაც ვატირე.
***
ეს შეღამება მიმატებს წყენას,
მომისამძიმრებს მთვარის ავსება,
გადავიწყებულ ლექსის მოსმენას
ააკანკალებს შენთან მსგავსება.
ვერ მანუგეშებს ხმები გულისა,
ისევ ღამეთა ბურუსში ვბოდავ,
ამანთებს გრძნობა სინანულისა
და სიხარულით ვეღარ შევცოდავ.
***
ბედნიერებავ, უკვე ყოფილო,
მე საკუთარი მტანჯავს რაობა,
დავხურავ წიგნებს უკმაყოფილო
და გამიტაცებს კვლავ უძრაობა.
ეს სპექტაკლია ჯერ დაუდგმელი,
არარსებული, ვერცხლით ყულაბა,
მაწუხებს გრძნობა გამოუთქმელი,
მკლავს სიხარულის უხერხულობა.
ვიცი, სუყველა თავის ნერგს დარგავს,
ჩემი დარგული იქნება ნავსი.
ვხედავ, გარშემო არავინ არ მგავს,
უნდა ვიპოვო მე ჩემი მსგავსი.