26 ნოემბერს, ჩუბინაშვილის ხელოვნების ეროვნული ცენტრის გალერეაში გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნება სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავს.
ლაბორატორიის არქივში დაცულია 25 ათასამდე ფართო ფორმატის, "კოდაკის" ფირის ფერადი სლაიდი და შავთეთრი ნეგატივი. ფოტოკოლექცია ასახავს პრექრისტიანული, შუასაუკუნეების და თანამედროვე ქართული ხელოვნების ძეგლთა ამსახველ ფართო სპექტრს. დღეისათვის მიმდინარეობს ფოტოარქივის ციფრულ ფორმატში გადაყვანის სამუშაოები.
სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორია 1973 წელს დაარსდა. 2006 წლიდან ლაბორატორია გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის შემადგენლობაშია.
ლაბორატორიის ფუნქცია და მისი საქმიანობის პრიორეტიტული ამოცანაა ქართული ხელოვნების ძეგლთა კვალიფიციური ფოტოფიქსაცია და კოლექციური სლაიდოთეკის შექმნა. ექსპერიმენტული ლაბორატორიის შექმნის იდეა საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, სერგო ქობულაძეს ეკუთვნის. მის წამოწყებას დიდი ინტერესით გამოეხმაურა და მხატვარს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა ქართული სახელოვნებო მეცნიერების ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა.
ფოტოგადაღებები წარმოებდა სრულიად საქართველოს მასშტაბით, რისთვისაც რეგულარულად ეწყობოდა ექსპედიციები. ლაბორატორიის სპეციალისტების გარდა გადაღებებში მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული, მაღალკვალიფიცირებული ფოტოგრაფები, კინოოპერატორები, მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები.
ლაბორატორია მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ყველა მუზეუმთან, ხელოვნების ისტორიის და ხელნაწერთა ინსტიტუტებთან, არქეოლოგიის კვლევის ცენტრთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, არქიტექტორთა და მხატვართა კავშირებთან.