ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელები კიევის ცენტრში აქციას აგრძელებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები დილიდან ისევ მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და პიკეტირებას აგრძელებენ. საღამოს კი ევროპის მოედანზე მიტინგი და კონცერტია დაგეგმილი.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით, უვადო შიმშილობა გამოაცხადა. იულია ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერი უკრაინელებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„არ დანებდეთ, გააგრძელეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. თუ 29 ნოემბერს იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, მოსპეთ მისი ხელისუფლება მისსავე კორუფციულ მეტასტაზებთან ერთად", - ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანა წნეხის ქვეშაა, რის შედეგადაც შეჩერდება წარმოებები და მილიონობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება. მისივე თქმით, მიუხედავად ზეწოლისა, უკრაინას არ გააჩნია ევროპული სტანდარტების ალტერნატივა.
„ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანთა უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება, სოციალური დაცვა - ყველასთვის მთავარი ფასეულობები იქნება", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები 21 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეაჩერა
საპროტესტო აქციებს სამართალდამცავებთან შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია. მილიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, ცრემლსადენი გაზი ორჯერ გამოიყენა.