2013 წელს ბიუჯეტიდან 2 170 020 ლარი ,,ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალ პარტიებზე ნაწილდება, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" საბიუჯეტო დაფინანსება 2 030 905 ლარს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, სულ 14 კვალიფიციური პარტია ფინანსდება 6 102 686 ლარით.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ის პარტიები, რომლებიც ცალკე ან ბლოკში შემავალ პარტნიორ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი შედეგი მაინც მიიღეს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წელს ცესკოსგან პარტიები სულ 4 881 997 ლარს, ხოლო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 1 220 689 ლარს მიიღებენ. 14 პარტიიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პარტია და ,,ნაციონალური მოძრაობა" იღებს. დანარჩენი შვიდი პარტია, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდნენ, დაფინანსებას 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით იღებენ.
პარტიები, რომლებიც 2013 წელს საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, არიან: "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 318 890 ლარი; "ევროპელი დემოკრატები" - 326 150 ლარი; "ქრისტიან-დემოკრატიული, სახალხო პარტია" - 318 890 ლარი. სამივე ეს პარტია ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული ადგილობრივ არჩევნებზე. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტია თითოეული იღებს 255 281 ლარს.
ეს პარტიები ერთ ბლოკში იყვნენ ადგილობრივ არჩევნებზე. "ახალი მემარჯვენეები" 220 313 ლარს იღებენ, ხოლო საქართველოს გზა - 206 943 ლარს. ორივე ეს პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან" და რესპუბლიკელებთან ერთად ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის.