reportiori.ge - ივანიშვილმა „გადაგვარჩინა“ ! მადლობა - ივანიშვილი „გვღუპავს“ ? SOS - ივანიშვილი „გვიშველის“ ?! - უნდა ვთხოვოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ივანიშვილმა „გადაგვარჩინა“ ! მადლობა - ივანიშვილი „გვღუპავს“ ? SOS - ივანიშვილი „გვიშველის“ ?! - უნდა ვთხოვოთ
26 ნოემბერი, 2013. 17:29

სათაურის ნაცვლად ეს SMS იმიტომ დავწერე, რომ შევძლო მასში გამოტანილი განგაშის მიზეზის შესახებ ბევრმა გაიგოს. მინდა, რომ ყოველდღიური პრობლემებით ქანცგაცლილი ქართველი კვლავ არ დარჩეს მისი და მისი მშობელი ქვეყნის მომავლის გამსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მიღმა. კვლავ არ დაწყვიტოს გული მომავალში დასმულმა შეკითხვამ - შენ სად იყავიო იმ დროს? საერთოდ არ გამიგია ეს ამბავი, ან შიმშილს ვებრძოდიო - ვერ უპასუხებს. დედას თუ უჭირდა რაღაცა, როგორ არ მოიმოქმედეო - ეტყვიან, გაამტყუნებენ, სიცოცხლეს კი არა, სიკვდილსაც წაამწარებენ.


საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში შეტანილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს", რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების გამოკლებით უნდა დაიყოს სახელმწიფოებრივი ნიშნებით, უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვილ 9 „ავტონომიურ რეგიონალურ სახელმწიფოდ" - „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების" სახელწოდებით.


საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას. ამიტომ დეტალებზე საუბრამდე (ვიდრე თქვენ გაეცნობით აღნიშნულ კანონპროექტს და მასთან ერთად პაკეტში სხვა კანონებში შესატან ცვლილებების პროექტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. მისამართი: http://parliament.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4904%3A-07-2123-07112013&catid=159%3Adrafts&Itemid=435&lang=ge ) ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილზე.


ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის 4 ოქტომბერს გახდა საჯარო პირი თავისი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების განაცხადით. უკვე 7 ოქტომბრის წერილით კი დაიწყო მისი პოლიტიკური საქმიანობა და მისი, როგორც პოლიტიკოსის შეფასებაც ამ დღიდან იწყება. მანამდე მისი ცხოვრება კერძო პირის ცხოვრებაა და მისი განვლილი გზა იმ კუთხითაა შესაფასებელი, თუ რა კარგი რამ ქნა და  სიკეთის კეთების რა ისტორიით შემოვიდა ის პოლიტიკაში. ამ პერიოდზე საუბარი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა პირის კერძო ცხოვრებაზე, მხოლოდ ფაქტებით, პირადი ურთიერთობის გამოცდილებით, ან არსებული საჯარო ინფორმაციით  შეიძლება.


ამ პერიოდის შეფასების კრიტერიუმი ინდივიდუალურია, ხოლო პოლიტიკაში ყოფნისას კრიტერიუმი საჯაროა. თუ როგორც კერძო პირი, ერთ კაცს მაინც დაეხმარე, ვთქვათ, თვალის კატარაქსის ოპერაციის გაკეთებაში, მადლობა და მადლიერება გეკუთვნის, ხოლო როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა 1000 კაციდან, ვისაც ესაჭიროებოდა კატარაქსის ოპერაცია 999-ს  გაუკეთე, მაგრამ ერთი კაცი დაგრჩა ოპერაციის გარეშე, გერგება საზოგადოებრივი საყვედური, შენ ხალხის ფული და ხალხის მიერ მონიჭებული უფლებები ისე ვერ გამოიყენე, რომ არ დაგერღვია სამართლიანობის პრინციპი და საზოგადოებრივი სიკეთე შენს გამო ერთმა მიიღო, მეორემ კი ვერ მიიღო.


ცნობილია ამ დროისთვის ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და პოლიტიკიდან წასვლის თარიღები: 4 ოქტომბერი 2011 წელი და 24 ნოემბერი 2013 წელი. ეს მოღვაწეობა მომავალში ბევრჯერ და ბევრის მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი. არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით ჩემს აქტივობასაც, მაგრამ ახლა, როგორც პროცესის თანამედროვე და პროფესიულად დაინტერესებული პირი, ემპირიული ანალიზით მიღებულ დასკვნაზე შევჩერდები.


ბ. ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩემი აზრით, იყოფა სამ პერიოდად: პირველი პერიოდი: 2011 წლის 4 ოქტომბრიდან 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე; მეორე პერიოდი: 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 2013 წლის 17 ნოემბრამდე და მესამე პერიოდი: 2013 წლის 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე.


ბ. ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის პირველი პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ეტაპობრივი მნიშნელობის შედეგით დამთავრდა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პირველად მოხერხდა ხელისუფლების ცვლა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების" მიერ მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებით. ამ გამარჯვებით ივანიშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და საქართველო გადაარჩინა წარმოუდგენელ განსაცდელს, თუნდაც მმართველი ელიტის ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისადმი დამოკიდებულების იმ მდგომარეობის გაგრძელებას, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით 2007-2012 წლებში. ამისათვის, ივანიშვილს საყოველთაო მადლობა. თუ ქვეყნის მომავლიდან შევხედავთ პროცესებს, მისი მადლიერი უნდა იყოს ისიც, ვინც პერსონალურად დამარცხდა არჩევნებში, ან ვისაც სხვა შედეგი აწყობდა.


მეორე პერიოდი - ესაა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მეთაურობა. ბ. ივანიშვილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდში ივანიშვილმა თავისი კოჰაბიტაციით „დაგვაქცია" (თავიდან ბრჭყალების გარეშე დავწერე ეს სიტყვა და შემდეგ მაინც შევარბილე, არა იმიტომ, რომ არასწორია, არამედ, პირველ ეტაპზე გაკეთებულისა და მომავალში გაკეთების პოტენციალის გამო). ეს იყო დაუსრულებელი მოლოდინის პერიოდი (თავისი უარყოფითი შედეგებით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში), რომლისგანაც პერიოდის ბოლოს დანაპირებიდან სრულად მხოლოდ ის შესრულდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. საერთო სიკეთე ამ პერიოდში ის იყო, რომ შურისგების მოქმედება დაწყებულ ნაღმს ივანიშვილმა აფეთქების საშუალება არ მისცა. მისი მთელი ენერგია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე დაიხარჯა. სახელისუფლებო ინსტიტუტები მუშაობდნენ „არაფრის კეთებით არ დაშავების პრინციპით". „ქართული ოცნების" ხელისუფლება მთლიანად გადაეშვა „ნაციონალების" მიერ დატოვებული სახელისუფლებო ინფრასტრუქტურის კომფორტში. ივანიშვილს გაუჩნდა ჩუმი მადლიერები, ის, ვინც პოლიტიკურად დამარცხდა და ვინც თავიდან აიშორა მოსალოდნელი სასჯელი, ან შურისძიება. ამასთან მას ასევე მოემატა უკმაყოფილონი, განსაკუთრებით „სამართლიანობის აღდგენის" მომლოდინეთა სახით.


მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ბ. ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ძალიან დაბალ ეფექტიანი იყო. მისი მუშაობა იყო ზანტი და ნაკლებ ინიციტივიანი. იყო შემთხვევა, როდესაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა ერთი თვის განმავლობაში არ შემდგარა. ბ. ივანიშვილის ავტორიტეტი ბოჭავდა სხვა მინისტრებს ინიციატივაში, ხოლო მას აკლდა ამ თანამდებობაზე მუშაობის მოტივაცია და გამოცდილება. აქედან გამომდინარეობდა მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი გადაწყვეტილებები. ერთი „ცუდი" გადაწყვეტილების მაგალითია ზემოთ დასახელებული კანონპროექტი.


მაშინ, როდესაც 2013 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ივანიშვილის ფავორიტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩვენი აზრით, ამ არჩევნებში კოჰაბიტაციური მიზანიც (მეორე ადგილზე დავით ბაქრაძის და არავითარ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძის გასვლა) შესრულდა, გარანტირებული გახდა ის, რომ მომავალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები გახდებოდნენ ბ. ივანიშვილისადმი აბსოლუტურად ლოიალური პიროვნებები. ასეთ ვითარებაში საკითხების განხილვა მთავრობაში არ ითხოვდა რაიმე ფორსირებას. (მსგავსად იმისა, რაც ახასიათებდა მაგალითად, ვანო მერაბიშვილის მთავრობას უფლებამოსილების გასვლამდე ბოლო კვირეებში).


საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს - 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". ეს იყო პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილის მთავრობის სიმბოლური - ბოლო სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (მინისტრი დავით ნარმანია) ავტორობით მომზადებული კანონპროექტი გახდა საქართველოს მთავრობის (პრემიერი ბიძინა ივანიშვილი) კანონპროექტი და მას შეიძლება დასავლეთში დამკვიდრებული ტრადიციით შემდგომში მისაგნებად ვუწოდოთ „ნარმანია-ივანიშვილის" კანონპროექტი. ამ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ, ჩემთვის წარმოუდგენელია მასზე ინსტიტუტების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო დაწესებულებების ინსტიტუციური, ანუ პროფესიულ კომპეტენციაზე დაფუძნებული დადებითი დასკვნის არსებობა. მხოლოდ ბ. ივანიშვილის ძალის ავტორიტეტს და მინისტრების ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული პერსონალური მომავლის შიშს შეეძლო ამ კანონპროექტისათვის მწვანე შუქის ანთება და პარლამენტში წარდგენა (ბ. ივანიშვილმა მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა 2013 წლის 2 ნოემბერს დაასახელა). გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართა. ამ დღეს შეუწყდა უფლებამოსილება მ. სააკაშვილსა და ბ. ივანიშვილს. იმავე დღეს ეს უკანასკნელი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად.


ბ.ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობაის  მესამე პერიოდი (2013 წლის 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე) - ეს იყო ახალი მთავრობისათვის დაკომპლექტების მშვიდი გარემოს შექმნა. თუ არ ჩავთვლით 7 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას (რომლის შემცვლელად 8 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა ოთარ ფარცხალაძე) რაიმე სიურპრიზს ადგილი არ ჰქონია.


საქართველოს პარლამენტს გ. მარგველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარუდგინა 19 ნოემბერს. ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 20 ნოემბერს. მან ახალ კაბინეტში რეკომენდაცია მისცა ყველა მის კოლეგას წინა კაბინეტიდან შინადან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძის დამატებით.


მოკლედ, „ნარმანია-ივანიშვილის" კანონპროექტის ბედი ახლა საქართველოს პარლამენტში წყდება.


ამ კანონპროექტმა უკვე გამოიწვია სამეცნიერო, პოლიტიკურ წრეებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ვნებათაღელვა. კანონპროექტზე, გარდა ავტორებისა, დადებითი გამოხმაურება ჩემთვის უცნობია. კანონპროექტის დეტალური ანალიზი მოცემულია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" კოლექტიურ ნაშრომში („შენიშვნები და დასკვნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის თაობაზე" მისამართებზე: http://nala.ge/uploads/daskvna%20tvitmmartvelobis%20kodeqsis%20taobaze.pdf http://www.for.ge/view.php?for_id=28247&cat=2; განთავსება - 13.11.2013), რომელსაც რეკომენდაციას პასუხისმგებლობით ვუწევ იმიტომ, რომ ის სპეციალიზებული, პროფესიული ორგანიზაციის მომზადებული და დამატებით იმიტომაც, რომ  მის შემუშავებაში მეც ვმონაწილეობდი.



„ნარმანია-ივანიშვილის" კანონპროექტის ავ-კარგიანობას დეტალურად სხვა დროს დავუბრუნდებით. ახლა შევჩერდები იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საფრთხის შემცველია. ესაა  კანონპროექტის VII კარი „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება". ეს კარი წარმოადგენს საქართველოს „მსუბუქ" ფედერალიზაციას მისი პროვინციალიზაციის გზით. დე ფაქტო დამკვიდრებული დაყოფა „კახეთად", „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთად" და ა.შ. იქცევა დე-იურედ. ამ გაერთიანებებს კანონპროექტით გააჩნიათ სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი (მართვის ავტონომია. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები, ბიუჯეტი, საკუთარი ტერიტორია, მოსახლეობა, სამართლებრივი სტატუსი, მაორგანიზებელი კანონმდებლობა და ა.შ.). რა დონის უნდა ყოფილიყო ინტერესი, რომ მთავრობის სხდომაზე გასულიყო სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური ტერიტორიული მოწყობის საკითხი. თანაც არ მიექციათ ყურადღება დათქმისათვის - ტერიტორიული დაყოფა განხილვადია „მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 2). ქვეყნის ასეთი დანაწილება თითქმის იმავე დროს იწვევს საქართველოს შემდგომი დაშლა-დაქუცმაცების საფრთხეებს. დროის საქმეა, რომ „რეგიონის" შექმნა წარმოშობს მოთხოვნას რეგიონულ ენაზე, წაახალისებს ისეთ მოვლენებს, რაც ცოცხალ მაგალითად გვაქვს თვითაღიარებული „აფხაზეთისა" და „სამხრეთ ოსეთის" სახელმწიფოების სახით, თავის დროზე უწყინარ ქართულ-აფხაზეთის, საბედიოს, თავისუფალი სვანეთის, სამურზაყანოს, ქართლისა და დვალეთის მხარეებში მსგავსი რეგიონების შექმნის შედეგად. ავტორებისადმი დიდ უნდობლობას ბადებს ისიც, რომ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი საქმისწარმოების ენის შესახებ ამ წარმონაქმნებში. ეს მაშინ, როდესაც მოქმედ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა (მუხლი 9). ევროპაში ეს კანონპროექტი გაგზავნილია ალბათ დასკვნებისათვის. იქ კი ძალიან ძლიერია ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ რეგიონული და სახელმწიფო ენები არაა სავალდებულო, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს .ასე ფიქრობენ კანონპროექტის ავტორები? საქართველოს მთავრობა?



ავტორები არ იძლევიან გასაგებად პასუხს უმარტივეს კითხვებზე: რას აძლევს აქ მოცემული ცვლილებები ქვეყანას; რა სიკეთეს იგრძნობს თითოეული მოქალაქე, და ბოლოს, რა დაჯდება ამ რეფორმის გატარება თანხობრივად დასაწყისში - ერთჯერადად და შემდგომში მუდმივად.


ჩვენი პასუხი ასეთია: „ნარმანია-ივანიშვილის" დღეს არსებული კანონპროექტით განხორციელებული რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის დაშლა-დასუსტებას, იგი გაცხადებული თვითმმართველობის მიზნის მიღწევას ეწინააღმდეგება. ამ რეფორმაში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს სხვადასხვა გათვლით 500 მლნ. ლარიდან 2 მლრდ. ლარამდე თანხის გადახდა.


შექმნილ მდგომარეობაში უნდა ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს გამოიყენოს მისი გავლენა და კანონპროექტიდან  მინიმუმ ამოღებულ იქნას VII კარი „მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება", რომელიც თვით ამ კანონპროექტის მიხედვით არ არის ამ კანონის სფერო. ხოლო დანარჩენ ნაწილებზე გაიმართოს  დისკუსია.


ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით რეფორმის განხორციელება აუცილებელია, მაგრამ ისიც ხომ ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ კარგი შედეგი ცუდი კანონით არ მიიღწევა.


საკითხი არ არის ვიწრო ჯგუფური, ან პარტიული. ის ეხება საქართველოს აწმყოსა და მომავალს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩაერთეთ ამ საკითხის განხილვაში. ეს კანონპროექტი თუ როგორ მსვლელობას მიიღებს პარლამენტში იქნება კოჰაბიტაციის დასრულება-არდასრულების, ივანიშვილის ხალხში გადმოსვლა-არგადმოსვლის ტესტი.

                                                  

                                                                                                                   


რედაქციისგან: საიტზე გამოქვეყნებული მასალების ავტორთა შეხედულებები და დასკვნები შესაძლოა არ ემთხვევოდეს რეპორტიორის" პოზიციას.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016