ვილნიუსში, „ტეატრო არენაში" ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი" დღეს კონცერტს გამართავს.
ანსამბლი "რუსთავი" დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში. ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.
27 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ვილნიუსის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინები" პრემიერა გაიმართება.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს. „მანდარინები" მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე, ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გადაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.
თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ვილნიუსში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად.
ქართული პროგრამა, საფორტეპიანო ტრიოს „სემპრე" კონცერტით გაიხსნა. ლიტვის ეროვნული ფილარმონიული საზოგადოების მცირე დაბაზში თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო), ლელა მჭედლიძემ (ვიოლინო) და ჰაიკ ბაბაიანმა (ჩელო) დაუკრეს. ასევე შედგა შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა - ექსპოზიციას სახელწოდებით „თუშეთის გზაზე" გალერეამ AIDAS უმასპინძლა. ვილნიუსში გაიმართა ლექცია-სლიადშოუ „ქართული ფოტოგრაფიის ისტორია - 1860-2013". მოეწყო საგანძურის გამოფენაც ლიტვის ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექციის გამოფენა გაიხსნა.