კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სამხატვრო გალერეაში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, აკადემიკოს, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატის ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე, ძირითადად, პატრიოტულ თემაზე შექმნილი ტილოები იყო წარმოდგენილი, სადაც კარგად იყო გადმოცემული საქართველოს ისტორია. ციხელაშვილის თქმით, მისი შემოქმედების თემა პატრიოტიზმი და სამშობლოს უდიდესი სიყვარულია.
„ეს ტილოები მე კასპში შევქმენი, რაშიც უდიდესი დამსახურება კასპის მკვიდრს, ს/ს „კასპიელექტროაპარატი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს, უშანგი მოსიაშვილს მიუძღვის. ყველა ნამუშევარი მისი დაკვეთით შევასრულე, ის ამზადებს საგამოფენო დარბაზს, სადაც ჩემს ნამუშევრებს გამოფენს და ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და წარშულში კიდევ ერთხელ ღრმად ჩაახედებს,"- აღნიშნა მხატვარმა.
ნამუშევრები შეაფასეს უშანგი მოსიაშვილმა, სამხატრვრო გალერიის დირექტორმა, მხატვარმა იორამ იმედაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სამხატვრო გალერეა.
გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება.
ცნობისთვის, ალექსანდრე ციხელაშვილმა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იგი რეგულარულად საკავშირო და რესპუბლიკურ გამოფენებში მონაწილეობდა. 1975-1980 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ოლიმპიადაში. მხატვარის პერსონალური გამოფენები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში, ასევე საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში მოეწყო. იგი ბერძნული მითოლოგიის დიდი მოყვარულია, რაც მის შემოქმედებაშიცაა ასახული. სწორედ ამ მიზნით, მისი ნამუშევრების გამოფენა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მოეწყო. მას მოხატული აქვს ორი პანო ალექსანდრე მაკედონელზე. ციხელაშვილი ასევე მრავალი წიგნის, მათ შორის საბავშვო წიგნების ილუსტრატორია.