სოფლის მეურნეობის სამინისტრო პოლიტიკოსების მხრიდან, ბოლო პერიოდში, სამინისტროს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეტენზიებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ის ბიზნესმენები ახმოვანებენ, რომლებსაც ბიზნესი კორუფციული სქემებით ჰქონდათ აწყობილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ არაერთ ცრუ და ხშირ შემთხვევში, პოლიტიკური მოტივებით განპირობებულ, ცილისმწამებლურ განცხადებებს. წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლება აგრარულ სფეროს ქვეყნის პრიორიტეტად არ თვლიდა და ამ დარგში მომუშავე ადამიანებიც, იძულებულნი იყვნენ ნელ-ნელა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულიყვნენ, რათა ხშირ შემთხვევაში საარსებო, მინიმალური შემოსავალი მაინც ჰქონოდათ.
ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოცხადდა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობაში სისტემური რეფორმები და არაერთი უპრეცედენტო პროექტი დაიწყო.
ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოიხნა ფართობები, მაგრამ ვერ დაითესა. მათ გასაგონად, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს მასშტაბით სულ მოხნულია 420 000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი და დათესილი ფართობის მოცულობა ოპერატიული ინფორმაციით, შეადგენს - 414 369.9 ჰა-ს (შემოდგომა-გაზაფხული). ასევე, "მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში" ფერმერებმა უფასოდ მიიღეს 78 442 325 მილიონი ლარის სასუქი, 7 393 414 მილიონი ლარის სათესლე მასალა, 58 245 681 მილიონი ლარის ინვენტარი.
24 ივლისს, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაკეთდა განცხადება - კახეთში ატმის რეალიზაციასთან შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა ამ ბრალდების მათი მხრიდან მოსმენა. წლების განმავლობაში ხალხის დასახმარებლად არც ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული და დღეს, როცა დარგის რეალური განვითარების სისტემური მიდგომა დაიწყო, მათი პრეტენზია, მხოლოდ პრობლემის პოლიტიკურ დემაგოგიაში გადაყვანის მცდელობაა. დღეის მდგომარეობით, სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციით, კახეთში ატმის მოსავლის 80%-ი უკვე მოწეულია და რეალიზებულია ადგილობრივ ბაზარზე. მაღალი ხარისხის ატმის რეალიზების პრობლემა არ ყოფილა და მისი საშუალო ფასი 0.35-0.6 ლარს შეადგენდა. დარჩენილ ატმის მოსავალს რეალიზების პრობლემა, მისი არასასაქონლო სახისა და დაბალ ხარისხთან დაკავშირით შეექმნა, რადგან აგროტექნიკური სამუშაოები სათანადოდ არ განხორციელდა.
ატმის ექსპორტთან დაკავშირებით, ტარიფის გარკვეულ ზღვრულ დონეზე დაწევის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სამუშაო ჯგუფი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ხშირად პრეტენზიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" წლების განმავლობაში დაახლოებული ბიზნესმენები ახმოვანებენ. ისინი, ვისაც წლების განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში, კორუფციული სქემებით ჰქონდა აწყობილი ბიზნესი. დღეს, ცდილობენ "თეთრი ხელთათმანებით" ტალახი ესროლონ იმ ხალხს, ვინც ინტენსიურად, დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის რეალურად მუშაობს. სამწუხაროდ, აგრარული სფეროში შედეგები მომენტალურად არ ჩანს, დღეს გაკეთებულ საქმეს მომავალი წლიდან ექნება ნაყოფი.
გვინდა განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ყველა რეალურად დაინტერესებულ მხარეს დეტალურად გავაცნოთ ის სამუშაოები, რაც უკვე განხორციელდა და რაც მომავალშია დაგეგმილი.
ჩვენი გლეხები, წლების განმავლობაში "მიტოვებული" დამოკიდებულების შედეგს იმკიან, რაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს როგორც გრძელვადიან, ისე ლოკალური პრობლემების გადაჭრის საკითხებზე," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.