დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის დაბადების 85 წლისთაავისადმი კონცერტი გაიმართება. როგორც „რეპორტიორს" კონსერვატორიიდან აცნობეს, კონცერტს კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო" 19:00 საათზე მართავს. ბილეთები მცირე დარბაზის სალაროში იყიდება და ღირებულება 5 ლარს შეადგენს.
ბიძინა კვერნაძე თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ძირეულად განაახლა ეროვნული მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრები. მას დაწერილი აქვს ოპერები და ბალეტები, ინსტრუმენტული კონცერტები, საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოსა და დრამატული სპექტაკლებისათვის.
ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. მამა - ალექსანდრე კვერნაძე, სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა - ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი.
5 წლის ასაკში ბიძინას დედა გარდაეცვალა, სწორედ დედის სურვილი იყო, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. ის 17 წლის ასაკში ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლაინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად - კონტრაბასი ერგო. სწორედ მაშინ გამოჩნდა ტერეზა არონიშიძე, რომელმაც მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციის კლასი. ამავე წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი იყო.
ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მას მრავალი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭეს. 1988 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2003 წელს კი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.
82 წლის ასაკში ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.