ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანია "სოკარ ჯორჯიას გაზის" წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა.
მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი და ერთ-ერთ ოჯახში გაზქურა აანთეს.
„კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი" კაკაბეთის მიმართულებით 36 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა. ასევე განხორციელდა სოფლის სრული დაქსელვა, რის შედეგადაც, სოფელში მცხოვრებ 1430 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა", - განაცხადა კალაძემ.
მისივე განცხადებით, დღეისთვის, კახეთის რეგიონში უკვე აშენებულია 900 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენები და გაზიფიცირებულია 39 000 აბონენტი.
„ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, 2014 წლის ბოლომდე 86 000-ზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა, თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა.