შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი ოკუპანტების მიერ სოფლებში ღოღეთსა და ცერონისთან სპეციალური აბრების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, აბრები წარწერით - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", ქართული მოსახლეობის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ტერიტორიაზე მონტაჟდება, რაც ადგილობრივებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ისახავს მიზნად.
„ამ დროისთვის ე.წ. მავთულხლართების ინსტალაციის პროცესი შეჩერებულია. რაც შეეხება ტრაფარეტების ფიქსაციას, ეს რიგ სოფლებში დაიწყო. სამწუხაროდ, ტრაფარეტების ფიქსაცია ჩვენი მოქალაქეების მიერ დამუშავებულ მიწებზე ხდება, რაც, გარკვეულწილად, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ანხორციელებს,"- განაცხადა სუჯაშვილმა გადაცემაში „დიდი პოლიტიკა".
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე პატრულირების ინტენსივობა გალიერებულია, რადგან მოქალაქეებისთვის ე.წ საზღვრის კვეთის გამო დაკავება გახშირდა. შსს მომავალ კვირას პრეზენტაციის ჩატარებას გეგმავს, სადაც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და პარტნიორ ქვეყნებს ოკუპანტების ქმედებებზე ინფორმაცია მიეწოდებათ.
„ბოლო კვირის განმავლობაში ვხვდებით სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, ვაწვდით ინფორმაციას. მომავალ კვირას ვგეგმავთ, ჩავატაროთ პრეზენტაცია, ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს. აღნიშნული პრეზენტაციის დროს მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ,"- აღნიშნა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა.