საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმან მოსახლეობას წმინდა - რამაზანის თვე მიულოცა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს პრემიერმინისტრის რეზიდენციაში უმასპინძლა. „მე კარგად ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსლიმანისთვის. ვიცი, რომ ამ დროს თქვენ განსაკუთრებული მონდომებით ასრულებთ ღვთისმსახურებებს, ეხმარებით უმწეოებს, ავადმყოფებს, ობლებს და ეს ძალიან დიდი მადლია. ჩემო ძმებო, მართალია ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობაა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომლის გარეშეც საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კეთილდღეობასა და წინსვლაში. კიდევ ერთხელ, სულითა და გულით გისურვებთ, რომ ამ თვემ თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს მოუტანოს სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება. ასევე მინდა წინასწარ მოგილოცოთ რამაზან-ბაირამი. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.