2006 წელს ე.წ. გიორგაძის მომხრეთა საქმეზე სააკაშვილის ხელისუფლებამ 12 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის იყო უფლებადამცველი კოკა კვინიკაძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ უკანონოდ გაუშვა ციხეში, სადაც ოთხნახევარი წელი გაატარა. მიხუედავად იმისა, რომ დაპატიმრებულთაგან თითოეულს პოლიტპატიმრად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებდა, ახალმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრად მხოლოდ ისინი გამოაცხადა, ვინც იმ პერიოდში ციხეში იყვნენ. უკვე ციხის გარეთ მყოფი ადამიანები კი სტატუსის გარეშე დარჩნენ.
„რეპორტიორი" საფრანგეთში კოკა კვინიკაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, აპირებს მიმართოს საფრანგეთის მთავრობას და პოლიტპატიმრის სტატუსი იქ მაინც მიიღოს.
-როგორც თქვენ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადეთ, ერთი ადამიანი უკვე აღიარებულია პოლიტპატიმრად საფრანგეთის მიერ. თქვენ რას აპირებთ?
-ერთი თვის წინ ვახტანგ ტალახაძეს მისცეს პოლიტდევნილის სტატუსი, რადგან მის მიმართ სამართლიანობა ამ დრომდე არ აღდგენილა. ეს ადამიანი იმ თორმეტთაგანია, რომლებიც ერთ საქმეზე დაგვაპატიმრეს.
-კონკრეტულად რა პრობლემები გემნებათ იმისა გამო, რომ ეს სტატუსი არ გაქვთ?
-საკითხი ასე დგას: 1. პარლამენტმა აღიარა 190 პოლიტპატიმარი, ხოლო ჩვენ, რომლებსაც თითქმის ყველა დღევანდელი უმრავლესობის წევრი გვაღიარებდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც და სახალხო დამცველიც, კვლავ იგნორს გვიკეთებენ; 2. სანამ სასამართლო არ გაგვამართლებს, ქართული სახელმწიფოს წინაშე დამნაშავეებად ვითვლებით; 3. ვინც ჩვენ ბრალს გვდებდა პროკურატურას უკვე მიმართა აღიარებით, თუმცა შედეგს ვერ ვხედავ; არის კიდევ ბევრი ასპექტი, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენი რეაბილიტაცის საქმე არ იძვრის.
-ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს წერილიც კი მიწერეთ და პასუხი დღემდე არ მიგიღიათ. რას აპირებთ ახლა?
-არ ვიცი ივანიშვილს წააკითხეს თუ არა ჩემი წერილი, ფაქტია, პასუხი არ მიმიღია. ეკა ბესელიამ ვიცი, რომ წაიკითხა და დამეთანხმა. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო ჩემს სრულ გამართლებამდე და ამას თუ ხელს შეუშლის ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მათაც ვამხელ. ბრძოლას ევროპიდან გავაგრძელებ, და ვპირდები დისკომფორტს შევუქმნი, როგორც სტრასბურგში, ისე პარიზში.
- თქვენც აპირებთ პოლიტპატიმრის სტატუსის მოთხოვნით საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართოთ?
-ევროპელების დასკვნებით მომიწევს სიმართლის დამტკიცება, თუ ქართული სამართალი კვლავ ბრმა იქნება. ვაპირებ საფრანგეთის ხელისუფლებას პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭება ვთხოვო, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას ორი პოლიტდევნილი ეყოლება ერთ სისხლის სამართლის საქმიდან. ამაზე უნდა დაფიქრდნენ, რა დაუჯდებათ ასეთი იგნორი.
„რეპორტიორი" პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესლიასაც დაუკავშირდა.
-კოკა კვინიკაძემ საუბარში აღნიშნა, რომ მისი საქმე ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტში უნდა განიხილონ, თუმცა ძალიან ჭიანურდება. ამბობს, რომ წერილიც მოგწერათ თქვენ და პრემიერ-მინისტრს, თუმცა პასუხი არ მიუღია. მისი თქმით, იმ თორმეტი ყოფილი პატიმრიდან, ვისთან ერთადაც ის ციხეში იმყოფებოდა ერთ-ერთმა უკვე მიიღო საფრანგეთისგან პოლიტპატიმრის სტატუსი, რაც კვინიკაძის თქმით, ნიშნავს იმას, რომ ესაა საფრამგეთიდან საგანგაშო ზარი, რომ ქვეყანაში დემოკრატია მოიკოჭლებს. რატომ მოხდა ისე, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უკვე ჰყავს პოლიტდევნილი? მით უმეტეს, საუბარია იმ პატიმრების საქმეებზე, რომლებსაც იცნობენ და სიტყვიერად აღიარეს კიდეც პოლიტპატიმრად.
-ვიცი კვინიკაზის საქმე, ის ნამდვილად იყო გიორგაძის მომხრეთა საქმეში, რომლებიც გაასამრთლეს კანონის უხეში დარღვევებით. ისიც უკანონოდ გაასამართლეს. ამ საქმეზე ვინც პატიმრობაში იყო იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენი სპეციალური კომისია შეიქმნა, ყველა ვაღიარეთ პოლიტიკურ პატიმრად. კომისიას ჰქონდა სპეციალური მანდატი, რომ იხილავდა მხოლოდ პატიმრობაში მყოფ პირებს, ან ძებნაში მყოფ პირებს, ვისაც პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ.
კვინიკაზე არ იყო არც პატიმრობაში და იმ დროისთვის არც საქმე იყო მასზე აღძრული, ამიტომ კომისია იმ სიაში ვერ შეიყვანდა, ხოლო იმ პირების მიმართ, ვინც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა და უკვე გათავისუფლებული იყო, გადაწყდა, რომ ახალი კანონპროექტის საფუზველზე შეიქმნას კომისია, რომელიც გადახედავს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს. ამდენად, ათასობით ადამიანი დღესაც ელოდება ამ კომისიის შექმნას. კანონპროექტმა გაიარა ვენეციის კომისიის ექსპერტიზა და ახლა იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. ამ კანონპროექტით უნდა მოხდეს ახალი კომისიის შექმნა. ამ კომისიამ კი საქმეები უნდა შეისწავლოს. ამიტომაც ვერ მოხვდა აქამდე ამ განცხადებების დასრულება",- განაცხადა ეკა ბესელიამ „რეპორტიორთან" საუბარში.
ლილი მიროტაძე