ვილნიუსში, სადაც სამიტი ოფიციალურად გაიხსნა, დილიდან უკრაინელი ახალგაზრდების საპროტესრტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები ვიქტორ იანუკოვიჩისგან ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას მოითხოვენ.
აქციაზე უკრაინის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. მომიტინგეებმა ადგილზე სიმბოლურად დიდი კალამიც მიიტანეს, რომლითაც საკუთარ პრეზიდენტს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთხოვენ.
აქციის მონაწილის ლიუბოვ აკულინის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არის.
„სამიტის დაწყებამდე სამი თვით ადრე ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ასოცირების შეთანხმების გაფორმების მხარდასაჭერად. ასევე დავიწყეთ კალმების შეგროვება პრეზიდენტისთვის, რამდენიმე ათასი ცალი ჩამოვიტანეთ და მოქანდაკეებს დიდი ზომის კალამი დავამზადებინეთ. გვინდა ვაჩუქოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ხელის მოწერის დროს, ხელი არ აუკანკალდეს", - აცხადებს აქციის მონაწილე.