სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და არაეკონომიკური ხარჯვის შემთხვევები გამოავლინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა ბრაგვაძემ განაცხადა, დარღვევები 2012 წლის ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლინდა.
"აუდიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევებისა და არაეკონომიური ხარჯვის შემდგომი შემთხვევები: პრივატიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის გამო სამ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხელშეკრულების გაუქმება 5 მილიონ 10 000 ღირებულების ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებისთვის ევროპის რეკონსტუქციის განვითარების ბანკმა 2010 წლის დასაწყისში გამოყო 3 000 000 ევროს სესხი. არაეფექტური მუშაობის შედეგად ვერ მოხდა ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ათვისება, რის გამოც, ვალდებულების სახით 2011 და 2012 წლებში ჯამურად გადახდილია 85 000 ლარი. აჭარის საავიაციო ბაზრის პოტენციების შესასწავლად შპს "ludhansa consalting"-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 310 000 ევროს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მომსახურების სამ ეტაპს. პირველი ეტაპის შემდეგ აღნიშნული შპს-ს მიერ ცნობილი იყო, რომ ბათუმში ახალი ავიაკომპანიის ჩამოყალიბება იქნებოდა არაეფექტური, მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება გაგრძელდა, რის შედეგადაც არამიზნობრივად დახარჯულია 155 000 ევრო", - განაცხადა ვაჟა ბრაგვაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია სამართალდამცველ უწყებებშია გადაგზავნილი.