ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია.
ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ შენიშვნები გააგზავნა, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საკითხი პირველი მოსმენით ისე გავიდა, რომ არ იყო შეჯერებული უმრავლესობასა და მთავრობას შორის.
ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს იმ ვარიანტით, როგორც ეს წარმოდგენილია არ გავა.
"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ასე ხელის ერთი მოსმით აღსრულების შეჩერება მიუღებელია ეკონომიკისთვის. ასევე, ვფიქრობ, რომ არსებული ვარიანტი, რომელიც პირველი მოსმენით გავიდა ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე აზრით, კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, კომერციულ საბანკო სისტემას საკმაოდ დიდ ზიანს მოუტანს.
ცვლილებები შედის "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში. კერძოდ, კანონში შედის დამატება, რომლის თანახმად, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, რომლის საკუთრების უფლება მეპატრონემ დაკარგა პირველ თებერვლამდე, ანუ ექვსი თვით ჩერდება სააღმსრულებლო პროცედურები.