მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და მომავალი წლის ბიუჯეტი 9 014 000 000 ლარი იქნება.
„დღეს განვიხილეთ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დღესვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტი გავთლილია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდასა და 3,5%-იან დეფლატორზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 29 342 000 000 ლარი. ამასთან, საერთო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 7 230 000 000 ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტი კი 3,9% იქნება. ერთი სიტყვით, მომავალ წელს ბიუჯეტი მთლიანად 9 014 000 000 ლარს დახარჯავს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე განმარტებით, იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე განათლების სფეროს და მეცნიერების სფეროს დაფინანსება.
„თუკი მეცნიერების სფეროსთვის 2012 წელს 18 000 000 იყო გამოყოფილი, ახლა ეს მაჩვენებელი 49 000 000 შეადგენს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.