ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე, რომელიც ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამებას ეხება, სწავლებისა და წვრთნების მონიტორინგის სამსახურის მოქმედი უფროსი დავით მაყიშვილი დაიკითხა.
დავით მაყიშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ რეინჯერის კურსის გავლისას მთავარი პრინციპი ფსიქოლოგიური ზეწოლაა და კურსი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დავით მაყიშვილმა განაცხადა, რომ მას საფრანგეთში გავლილი აქვს რეინჯერის კურსი.
"ინსტრუქტორს შეიძლება დაებადოს ახალი იდეა, თუ როგორ მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა კურსანტზე. ეს შეიძლება იყოს ხელზე მიბმა, მუხლებზე დაბმა - ეს ინსტრუქტორის გადასაწყვეტია. საქართველოში თუ გინდა, რომ ადამიანი გამოიყვანო წყობილებიდან უნდა შეაგინო, ეს რეინჯერის კურსზე არ დადგენილა მხოლოდ და აბსოლუტურად დასაშვებია კურსანტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის გინება", - განაცხადა პროცესზე დავით მაყიშვილმა, რომელმაც ბაჩო ახალაიას ადვოკატების შეკითხვების საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად დასაშვებია რეინჯერის კურსანტმა იშიმშილოს 10 დღის განმავლობაში, თუმცა პროგრამის განხორციელების განმავლობაში სრულად შიმშილობა დაუშვებელია.
ადვოკატების შეკითხვების საპასუხოდ, მან ასევე აღნიშნა, რომ სპეცრაზმელს რეინჯერის კურსი გავლილი უნდა ჰქონდეს. დავით მაყიშვილმა რეინჯერის კურსის გავლისას საკუთარი მდგომარეობა გაიხსენა.
"ამ კურსის გავლისას იმ დონეზე ვარ მისული, რომ ერთი ერთზე ღმერთს ვესაუბრებოდი. იყო მომენტი, როდესაც ჩემს მეწყვილეს დედამისი ეჩვენებოდა. დღის განმავლობაში შესაძლებელია მიიღონ ფიზიკური ტრავმებიც", - განაცხადა დავით მაყიშვილმა. მისი განმარტებით, კურსიდან ადამიანების მოხსნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დასკვნის საფუძველზე.
ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მაყიშვილს ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ კურსის გავლის დროს ადამიანი გააშიშვლო და უკანა ტანში ჯოხი გაუკეთო როგორც საქმის ერთ-ერთ ეპიზოდშია ნახსენები, რაზეც მაყიშვილმა აღნიშნა, რომ უკანა ტანში ჯოხის გაკეთების ფაქტი მას რეინჯერების კურსის პროგრამაში არ სმენია.
ბაჩო ახალაიას და მათთან ერთად ბრალდებულებს ბრალად ედებათ ე.წ. 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო წამება.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული. პროცესი ბაჩო ახალაიას დაკითხვით განახლდება.