პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების პროცესის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებულია როგორც შიდა პროცესებზე, ასევე საერთაშორისო ფონზეც. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს, აბაშიძის თქმით, საჭიროა გააქტიურება როგორც ქართული მხრიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურად ჩაბმა.
„მე მაინცდამაინც დრამატიზების და კატასტროფული სცენარების შექმნის მომხრე არ ვარ, ვნახოთ, მგონი ყველაფერი კარგად იქნება, დავაკვირდეთ მოვლენებს, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შიდა პროცესები, მაგრამ საერთაშორისო ფონიც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. მავთულხლართების გავლება 2009 წლიდან ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. რაც შეეხება მავთულხლართებს, მივიღე ასეთი ინფორმაცია, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად დამთავრებულია და ახლა ბანერების დამონტაჟება დაიწყეს. ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება. აუცილებლად გააქტიურებაა საჭირო ჩვენი მხრიდან, საჭიროა ამაში აქტიურად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩაბმა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.