reportiori.ge - საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:58
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 15:21

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, მოლაპარაკების დასრულების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ტექსტი მხარეთა შორის მთლიანად შეთანხმებულია და პარაფირებისთვის მზადდება.
"ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმება, ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად, ამით, შეუქცევადი ხდება ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი. ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაიმართა 14 პლენარული სესია, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე მოლაპარაკებების 6 რაუნდი და 100-ზე მეტი ვიდეო-კონფერენცია", - განმარტავენ საქართველოს საგარეო უწყებაში. 
სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ. 
"ჩვენ მოუთმენლად ველით ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტზე, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება, ასევე ამ შეთანხმების შემდგომ ხელმოწერას ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის და გზას უხსნის ევროკავშირთან საერთო ღირებულებებზე, პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მოდერნიზაციასა და რეფორმებს. ეს შეთანხმება უშუალო გავლენას მოახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს ევროკავშირთან დააახლოებს. ის დაეფუძნება უკვე არსებულ მჭირდო თანამშრომლობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ვულოცავთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან გამართულ შეხვედრებზე ჩვენ გამოვთქვით მადლიერება მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს მხარის წარმომადგენელთა მიზანმიმართულობის გამო, რომლებიც თავდაუზოგავად და ენერგიულად მუშაობდნენ მოლაპარაკებების დაწყების პირველივე დღიდან", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებაში. 
საქართველომ და ევროკავშირმა მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე 22 ივლისს დაასრულეს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016