უკრაინის სპეცრაზმმა "ბერკუტმა" კიევის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები დაშალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმი "ბერკუტი" მაიდანზე, ინსტიტუტის ქუჩისკენ დაიძრა და მომიტინგეები ეროვნული ბანკის მიმართულებით გადაისროლა. სპეცრაზმი ხელკეტებით უსწორდებოდა ყველას, ვინც კი გზაში გადაეყრებოდა. დემონსტრანტები თავდაცვას ცდილობდნენ.
ქუჩებში ათობით დაშავებული ადამიანია. შეტევაზე "ბერკუტის" გადასვლამდე მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
კიევის საავადმყოფოებში უკრაინის სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ათეულობით ადამიანია მოთავსებული. გუშინ, ერთი საათის განმავლობაში ქალაქის გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოში 20 ადამიანი მიიყვანეს. მათ ძირითადად ტრავმები თავის არეში, ხელკეტების დარტყმის შედეგად აქვთ მიყენებული.
შედარებით მძიმეა ერთი ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ფეხებში ხმაურიანი და მანათობელი ყუმბარა აუფეთქდა. მას ფეხების ღია მოტეხილობა აქვს.
შეტაკებების დროს დაშავებულები კიევის სხვა საავადმყოფოებშიც იმყოფებიან.
მომიტინგეების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.
უკრაინაში დღეიდან, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.