განათლების და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, დავით ზურაბიშვილის მოადგილეობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და მას მოადგილედ უბრალოდ, განათლების სპეციალისტი სჭირდება. ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს ზურაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ის არ აპირებს განათლების მინისტრის მრჩევლად მუშაობას და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება "რესპუბლიკურ პარტიაზე" დარტყმაა.
„მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ჩემს წინადადებას. რასაც ჰქვია მოადგილე, მე გადავწყვიტე, რომ განათლების სპეციფიკაზე გამეკეთებინა აქცენტი, ხოლო დავით ზურაბიშვილის გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, მის კანდიდატურა მრჩევლის თანამდებობაზე უფრო მიზანშეწონილია. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და ვთვლი, რომ ის, რასაც ვთავაზობთ, ბევრად უფრო მომგებიანია სამინისტროსთვისაც და მისთვისაც", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, არ აპირებს დავით ზურაბიშვილის კვალიფიკაციის შეფასებას, თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოადგილის პოსტზე განათლების სპეციალისტი სჭირდება.
გარდა ამისა, სანიკიძისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა რაიმე პრეტენზია დავით ზურაბიშვილისადმი განათლების ყოფილ მინისტრს გიორგი მარგველაშვილს.
„არ ვიცი, მარგველაშვილი როგორ აფასებს. ჩემი ინფორმაციით, ცუდი შეფასება მისი მხრიდან არ ყოფილა", - აღნიშნა სანიკიძემ.