მიმართვა
ბატონო პრეზიდენტო!
ბატონო პრემიერ მინისტრო!
1993 წლის 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის და აფხაზეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლის დაკარგვის შემდგომ რუსეთის ხელისუფლების მთავარ ინტერესს წარმოადგენდა კოდორის ხეობის, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ტერიტორიის დაკავება, რითაც საბოლოოდ მოხდებოდა მათი მხრიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების სრული კონტროლი. 15 წლის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები და აფხაზი სეპარატისტების სამხედრო შენაერთები ვერაფრით ახერხებდნენ ამ ტერიტორიის დაკავებას, რაშიც უდიდესი წვლილი ადგილობრივ მოსახლეობასა და თავდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილ ბატალიონს „მონადირე"-ს მიუძღვით. ამ ბატალიონის ერთ-ერთი ჩამომყალიბელი და მეთაური, ხოლო შემდგომ კი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში გახლდათ პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი, რომლის დამსახურებაც ხეობის შენარჩუნების საქმეში, საკუთარი სამხედრო გამოცდილების, ცოდნისა და პიროვნული ღირსებიდან გამომდინარე, - ძალიან დიდია!
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ 2006 წელს ბატალიონი „მონადირე" გააუქმა და, ემზარ კვიციანს იარაღის ჩაბარება და ხეობის დატოვა მოსთხოვა, რასაც ემზარ კვიციანისა და კოდორის ხეობის ხელმძღვანელობის მხრიდან კატეგორიული უარი მოჰყვა, რის მიზეზადაც კოდორის ხეობის დაკარგვის საფრთხე დასახელდა. (ამ საფრთხის რეალობა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა). უარის მიღების შემდეგ ხელისუფლებამ ბატალიონი კანონგარეშედ გამოაცხადა, რასაც კვიციანის მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. კვიციანი და მისი ზოგიერთი თანამოაზრე გამოცხადნენ სამშობლოს მოღალატეებად და მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩააატარეს, რასაც კოდორის ხეობის უკანონო ბანდფორმირებებისგან გაწმენდის ოპერაცია დაერქვა. ემზარ კვიციანმა საბრძოლო მოქმედებების კატეგორიული დაუშვებლობის მოტივის გამო დატოვა ხეობა და რუსეთის ფედერაციაში გაიხიზნა. რა მოჰყვა ამ მოვლენებს 2008 წლის აგვისტოს ომში, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. სამწუხაროდ, დღეს კოდორის ხეობა ქართული კონტროლის სივრციდან სრულადაა გასული!
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ პრაქტიკულად მძევლად აიყვანა ემზარ კვიციანი და ნორა კვიციანი! იგი ადამიანის უფლებების დამცველი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული იყო პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლად! (ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნორა კვიციანმა, 2013 წლის დასაწყისში დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება). ემზარ კვიციანს ჩამოართვეს მისი კუთვნილი ბინა თბილისში და ქონება. პრაქტიკულად, უსახლკაროდ და უსახსროდ დატოვეს მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პოლიტიკური დევნილია.
ბატონო პრემიერ-მინისტრო! საქართველოს გენერალთა კლუბი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერლებისა და უმაღლესი რანგის ოფიცრების სახელით მოგმართავთ თხოვნით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა პოლკოვნიკ ემზარ კვიციანს და მასთან ერთად სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ ოფიცრებს მიეცეთ საშუალება ჩამოვიდნენ სამშობლოში! მათ აქვთ სურვილი ითანამშრომლონ გამოძიებასთან კოდორის ხეობის ცნობილი მოვლენების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და იცხოვრონ სამშობლოში საკუთარ ოჯახებთან ერთად.
პატივისცემით,
საქართველოს გენერალთა კლუბის სახელით,
კლუბის პრეზიდენტი
რეზერვის გენერალ-მაიორი
კობა კობალაძე
წერილს თან ერთვის ხელმომწერთა სია