,,საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი, ეკონომიკის მინისტრს ინიციატივით მიმართავს, რომ დროულად დაიწყოს სხვა სამინისტროებთან ერთად ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების, არსებული პრობლემების შესწავლა და მთავრობისათვის საინვესტიციო და საექსპორტო კლიმატისა და გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება; საინვესტიციო კვლევების მომზადება; ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და პირების საინფორმაციო უზრუნველყოფა.
„ევროკავშირთან მოლაპარაკება DCFTA-თან დაკავშირებით საინტერესოა იქედან გამომდინარე, რომ საქართველო-ევროპას შორის სავაჭრო ზონის შექმნა პოტენციურ ინვესტორებს წაახალისებს, უფრო მიმზიდველი გახდება საქართველოში ბიზნესის კეთება, ვინაიდან კაპიტალდაბანდების შემთხვევაში თითოეულ ინვესტორს ექნება მოლოდინი და რეალური შესაძლებლობა, რომ დარგში განხორციელებული კაპიტალდაბანდების შედეგად მიღებული პროდუქტი თუ მომსახურება გაყიდოს, როგორც რეგიონალურ ასევე ევროპულ ბაზარზე, თუმცა ინვესტორთა დაინტერესებისათვის ეს საკმარისი სულაც არ არის, მაშინ როცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს პოლიტიკური სტაბილურობა და ჯერ კიდევ მონოპოლიზირებულია ბიზნესი. გარდა ზემოაღნიშნულისა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე სასურველია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ზოგადად კი ევროპულ ოჯახთან თანაცხოვრება."-განაცხადა ირაკლი ღლონტმა „რეპორტიორთან" საუბრისას.