30 დეკემბერს, საქართველოს პირველი ტელევიზიის 57 წლისთავთან დაკავშირებით, მისი პირველი წამყვანების ვარსკვალავები გაიხსნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზიის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში ვარსკვლავებს საზეიმოდ გაუხსნის ტელეწამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს.
სამივე წამყვანი საქართველოს ტელევიზიის სათავეებთან მისი დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, იდგა. ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად იწყებს. სხვადასხვა დროს მას საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები მიჰყავდა. სატელევიზიო მოღვაწეობის გარდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე კინოშიც აქტიურად მონაწილეობდა. იგი გადაღებულია ფილმებში: „ყვავილი თოვლზე", „თოჯინები იცინიან", „პაპა გიგია", „არაჩვეულებრივი გამოფენა" და სატელევიზიო ფილმი „მზე ჭიქაში".
ლია მიქაძე მაყურებელში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა, გარდა მხატვრული სახის გადაცემებისა, მას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხშირად მიჰყავდა საზეიმო შეხვედრები თუ კონცერტები. ცნობილია, რომ მისით თავად ფიდელ კასტრო იყო მოხიბლული.
შურიკო მაჭავარიანი საქართველოს ტელევიზიაში გახსნის დღიდან მივიდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაყურებლის წინაშე წარდგა, დიქტორ ალექსანდრა ლელუაშვილ-მაჭავარიანს ცნობილ ქართულ ფილმებშიც გადასაღებადაც ხშირად იწვევდნენ. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი პოეტის - იოსებ ნონეშვილის მუზა, პოეტმა სწორედ მას მიუძღვნა ცნობილი ლექსი: "შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა". ეს და კიდევ მრავალი სხვა ლექსი იოსებ ნონეშვილმა სწორედ ალექსანდრა მაჭავარიანს მიუძღვნა.