„ცხოვრება პუტინის მეზობლად", - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ბლოგს, სადაც იგი რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის ანალიზს აკეთებს. მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო და მოლდოვა რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ.
ბლოგის ავტორი ასევე სვამს კითხვას - რამდენ ხანს შეძლებენ საქართველო და მოლოდვა წინააღმდეგობის გაწევას? - უილსონი აღნიშნავს, რომ რუსეთი მეზობლების დასუსტებისა და დაყოლიების პოლიტიკით, ევროპისა და ამერიკისთვის არასანდო პარტნიორებად აყალიბებს.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ბლოგში რუსეთის მიმართ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასაც ეხმიანება.
„მიუხედავად საქართველოს მთავრობის ახალი ძალისხმევისა, მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რუსეთმა ღობეების აღმართვის პროცესი დაიწყო. რითაც ცდილობს არაღიარებულ ე.წ. საზღვრებს, რომელიც საქართველოს მისი სეპარატისტული რეგიონებისგან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან გამოყოფს მუდმივმოქმედი სტატუსი მიანიჭოს", - წერს ავტორი.
უილსონი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მოანწილეობის გარეშე პუტინმა შესაძლებელია ევროპაში ახალი გამყოფი ხაზის შექმნით წარმატებას მიაღწიოს.