reportiori.ge - ნარმანია უგულავას ემუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:58
პრეს-დაიჯესტი
ნარმანია უგულავას ემუქრება
ავტორი:
05 დეკემბერი, 2013. 17:53

„ყოფილი" და „მომავალი" მერების სკანდალები და კომპრომატები

 

სულ მალე თბილისის მერის პოსტზე საარჩევნო მარათონი გაიმართება. სტარტი მარათონმა ჯერ კიდევ მაშინ აიღო, როცა გიგი უგულავამ თქვა: მერის პოსტზე კენჭს ვიყრიო, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა მერის კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელა. პირველი რეპლიკები ყოფილმა და მომავალმა მერებმა უკვე გაცვალეს და კომპრომატების ომიც, სავარაუდოდ, სწორედ მათ შორის წარიმართება, თუკი ნაციონალების პრაიმერისში მოულოდნელად გიორგი ვაშაძე არ გაიმარჯვებს.


„პრაიმტაიმმა" საკუთარი მკითხველისთვის ყველა იმ „კომპრომატს" მოუყარა თავი, რომელზეც მედია წერდა.

ამჯერად არ ვსაუბრობთ თბილისის მერის სასურველ წარმომავლობაზე და ამ თანამდებობის შესაბამის „ცოდვებზე", რეგიონალური წარმომავლობიას მიუხედავად. უბრალოდ, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, რა გზა გამოიარა გიგი უგულავამ 2005 წლის 12 ივლისიდან, როცა მერად დაინიშნა, და რა კომპრომატები დააგროვა თბილისის თავკაცმა.


თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მისი ე. წ. „ცოდვებით" შემოვიფარგლებით. „პრაიმტაიმი"  თავის მკითხველს მერობაზე „ოცნებისგან" წარდგენილი კანდიდატის შესახებაც მოგახსენებთ, თუ რამდენჯერ მოხვდა ის, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციებში იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც ის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა.

 

უგულავას 10 ცოდვა


დავიწყოთ ოფიციალური ბრალდებით, რომელიც გიგი უგულავას პროკურატურამ წაუყენა. ბრალდება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს მოიცავს. პირველი ეპიზოდი იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას შიფრავს და ადასტურებს, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ის შემდეგში მდგომარეობს:


უგულავას დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფში" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 764 აქტივისტი, ე. წ. „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი ფიქტიურად გაფორმდა. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და პარტიულ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მათ ხელფასის სახით დედაქალაქის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მიღებული აქვთ 4 130 728 ლარი... ვერდიქტი ჯერ კიდევ წინ არის. მანამდე კი თვალი გადავავლოთ იმ თემებს, რომელიც შესაძლოა, სხვა ბრალდებების საფუძველი გახდეს:


გაზეთი „ვერსია" იუწყება, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 2003-2012 წლებში, 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი და შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები გამოითხოვა. 2012 წლის 17 სექტემბრიდან, 30 ნოემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ქონება 1 ლარად სხვადასხვა უწყებებზე გასხვისებულა. ამ ჩამონათვალში, გიგი უგულავას ძმის კომპანია - შპს „ჯეოლენდიც" არის მოხსენიებული.


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის 10 ოქტომბერს, შპს „ჯეოლენდს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 1 ლარად გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 8 000 კვ. მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში, შპს „ჯეოლენდი" ვალდებულია, ამ ტერიტორიაზე სამთო ქოხი ააშენოს და საკემპინგე ტერიტორია მოაწყოს. ფირმის დამფუძნებელი, უგულავას რძალი, ნატალია ფარცხალაძე 2009 წლიდან პარალელურად საჯარო სამსახურში, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.2009 წლიდან, როდესაც ეს დეპარტამენტი გაუქმდა, გიგი უგულავას რძალი ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეა, ოღონდ შპს „ჯეოლენდში" 50%-იან წილს ისევ ფლობდა...


ნათესავების ლობირება ამით არ ამოიწურება.


2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, პოლიეთილენის პარკები ნელ-ნელა, ეტაპობრივად, უნდა ჩაენაცვლებინა ქაღალდის პარკებს. ეს იმიტომ, რომ უგულავას სიმამრს, შალვა კილაძეს ქაღალდი ავსტრიიდან და ესპანეთიდან შემოჰქონდა. იდეა პრესაში ატეხილი განგაშის გამო ჩავარდა...


ახლა აღარ გავაგრძელებთ სანათესაო ხაზზე წერას და გიგი უგულავას ბიზნესინტერესებს გადავავლოთ თვალი: დავიწყოთ „ყვითელი" სამარშრუტო ტაქსების ბიზნესით, სადაც უგულავას ინტერესებზე არასამთავრობოებიცა და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებიც ღიად საუბრობდნენ. გიგი უგულავამ სამარშრუტო ტაქსების ტენდერში იმ ოთხ კომპანიას გაამარჯვებინა, რომლებიც ტენდერის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე „ჯი-ემ-თი ჯგუფის" დამფუძნებლებმა, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა ძმებმა შარანგიებმა, რესტორან „შემოიხედე გენაცვალეს" მისამართზე დაარეგისტრირეს...


ჯიხურების სკანდალური ისტორიაც გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს უკავშირდება. უგულავას ინიციატივით, მერიის კუთვნილი ჯიხურები კერძოთი ჩაანაცვლეს, სამაგიეროდ, პრესის გავრცელება აშკარად შეზღუდეს. მეტიც, პრესის ჯიხურების განთავსების ნებართვას თბილისის მერია მხოლოდ პრივილეგირებულ კომპანიებს აძლევდა, მათ შორის, „აუთდორ ჯიმს", „ლატარიის კომპანიასა" და „ვაით დისტრიბუშენს". სამივე კომპანიის მფლობელი კი თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იყო.


ამბობენ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს გიგი უგულავა აკონტროლებდა და რელსების შემოტანის ტენდერში მისთვის სასურველ ჩინურ კომპანიას გაამარჯვებინა. ეს პროექტი ამჟამად შეჩერებულია და გამოძიება მიმდინარეობს.


დაბა გუდაური რომ მცხეთას კი არა, თბილისს ეკუთვნის, ესეც, როგორც ამბობენ, გიგი უგულავას დამსახურებაა და ბუნებრივია, დამსახურება საკუთარი ინტერესების წინაშე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მშენებარე სასტუმროები უგულავას მფლობელობაშია, მეტიც, „გუდაურის განვითარების ფონდიდან" თანხები არამიზნობრივად იხარჯება. პროექტის ყველა ტენდერი უგულავას ნათესავ-მეგობრების კომპანიებმა მოიგეს, ხოლო, გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვების საფასურად, გიგი უგულავას 20 %-ს უხდიდნენ...


უგულავას ინტერესებს ხედავენ ქალაქში ე.წ. შუშის შენობების დანგრევის უკანაც. ერთის ადგილზე „პიქსელი" აშენდა, რომელსაც უგულავასა და კეზერაშვილის სახელი დღემდე შემორჩა...


ქალაქის მერის ინტერესებს ხედავენ სამშენებლო ბიზნესში, როდესაც „ნაციონალური" ხელისუფლების პირობებში არაპროფესიონალი თვალისთვისაც კი ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებდნენ...


მოდი, ახლა ვნახოთ, როგორ მეგობრობას „ქაჩავდა" ქალაქის მერი:


როგორც ამბობენ, „იაფი ბაზრობა" თბილისის მერმა საკუთარი მეგობრისთვის, არჩილ გეგენავასთვის „გამოიგონა" და ამისთვის 3 200 000 ლარიც გამოუყო. ეს ბაზრობები არჩილ გეგენავას „ფუდ სერვისის" პროდუქტებით მარაგდებოდა.



ამ დროს ის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომელიც შს სამინისტროსა და სხვა უწყებების კვების ტენდერებიდან ამოაგდეს.


გიგი უგულავას სკანდალი არც პირადი ცხოვრების გამო დაჰკლებია.


პირველი მეუღლე თაკო ცაგურია გახლდათ. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა რამდენიმე წლის წინათ მათი დაშორების შესახებ ამბავი გავრცელდა.


ამბობდნენ, რომ ქალაქის მერ გიგი უგულავას თავისივე ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზაჟისტი ლელა კილაძე შეუყვარდა. თაკო და გიგი მალე მართლაც დაშორდნენ. მალე უგულავა-კილაძის წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩნდა. როგორც ამბობენ, პირადი ვიზაჟისტის სტატუსით, ლელა ადრე მიხეილ სააკაშვილს ხშირად დაჰყვებოდა უცხოურ ვოიაჟებში. მას შემდეგ, რაც თბილისელთა პირველი ლედი გახდა, ლელა კილაძის გამო უგულავა კიდევ ახალ სკანდალში გაეხვია. როგორც ამბობენ, სწორედ მის მეუღლესთან შეთანხმებით ხდებოდა შოუბიზნესში მომღერლების ერთი კონკრეტული გუნდის ლობირება და „მკვდარ სულებად" სამსახურებში მოწყობა... უკვე აღარაფერს ვსაუბრობთ იმ ფოტოსკანდლზე, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა და რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ მერის, მისი მეუღლისა და მეგობრების თავაწყვეტილ გართობას თბილისის განვითარების ფონდი აფინანსებდა. ეს სწორედ ის ფონდია, რომელიც ცოტა ხნის წინ მერიამ გააუქმა და ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აჰკიდა...


 

ნარმანიას სკანდალები


მას შემდეგ, რაც მერობის კანდიდატად დასახელდა, ბუნებრივია, ინტერესი მის მიმართ ერთი ორად გაიზარდა. თუმცა, წარდგენისთანავე, დავით ნარმანია ერთ კურიოზულ სკანდალში გაეხვია.


გია კორკოტაშვილის სურვილებს - „თბილსს სჭირდება განათლებული, მეურნე და ოქრო, თბილისურად რომ ვთქვათ, ჯიგარი მერი", ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურის მინისტრი თავისებურად, როგორც შეეძლო, ისე გამოეხმაურა ინგა გრიგოლიასთან ეთერში.


„ბატონო კორკოტა არ იცნობს, როგორც ჩანს, ჩემს ჯიგრიანობას და ბევრი არ გაუგია. თუ ფიქრობენ, რომ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარიც. ეს ჩემში ირონიას იწვევს. დედაქალაქი სხვა რელსებზეა გადასაყვანი".


ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ამ რელსების მიმართულების შესახებ, თუმცა დააკლებს თუ არა ნარმანიას ჯიგრის წონას რამეს ის ისტორიები, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ და შეგახსენებთ, ამას არჩევნების დღე ნამდვილად აწონ-დაწონის...


დავით ნარმანიას ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნით ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი ტაქტიკური სვლა გააკეთა და სამოქალაქო სექტორის გულიც მოიგო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ არცთუ დიდი ხნის შემდეგ მინისტრის სახელმა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის კონტექსტში გაიჟღერა: სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე დაკავებული სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, კობა თოდუა მისი ბიძაშვილი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მისი ადვოკატი მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია გახდა. კობა თოდუა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. მას მაღალი თანამდებობები ეკავა, როგოც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მთავრობის პერიოდში. პროკურატურის ბრალდებით, ის უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანების წამებასა და გაუპატიურებაში. მიუხედავად ასეთი ახლო ნათესაობისა, მინისტრი ბიძაშვილს მაშინვე გაემიჯნა და განაცხადა:


„ვადასტურებ, რომ კობა თოდუა ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა მას ამ საქმესთან კავშირი. უფლება არ მაქვს, რამეში ჩავერიო და არც მისი მონახულების უფლება გამაჩნია". მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია კი ხმამაღლა აცხადებდა: „დიახ, ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ მე მჯერა, კობა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს". ამ „მტკიცებულებების" არსებობის მიუხედავად, მინისტრის ბიძაშვილი ახლაც ციხეშია. როგორც „პრაიმტაიმმა" ირაკლი ნარმანიასგან შეიტყო, საქმე ამჟამად სასამართლო განხილვის სტადიაშია უკვე...


დავით ნარმანიას გარშემო ატეხილი ერთ-ერთი აურზაური კი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ის ტყუილში ამხილა, როცა გაირკვა, რომ ნარმანია, თურმე სულაც არ შეხვედრია მათ, როცა კატეგორიულად აცხადებდა, კონსულტაციები გავიარე ოპოზიციასთანო.


„მე შემიძლია დავასახელო არასაპარლამენტო ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც თვითმმართველობის კოდექსის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულნი და ვიდრე ეს პროექტი განსახილველად გამოვიდოდა, ზოგიერთ მათგანთან შესაბამისი კონსულტაციები იყო გავლილი და ისინი ძალიან კარგად იცნობდნენ ამას. უბრალოდ, მათ ახლა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სჭირდებათ ეს საკითხი და ამიტომ გადმოვიდნენ შეტევაზე. მე მათ, ვინც იცნობდა ამ კოდექსის პროექტს, ვურჩევდი, რომ აღიარონ სიმართლე, სხვა შემთხვევაში მე მათ სახელებსა და გვარებს დავასახელებ და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან. თუმცა დღეს ამ ყველაფრისგან თავს შევიკავებ".


ოპოზიციამ მაშინვე მოითხოვა გვარების დასახელება. თუმცა, არც ბოდიში მოუხდია ვინმეს და არც გვარები დასახელებულა.


თუმცა, როგორც ჩანს, მუქარა ნარმანიას „ჯიგარში" დევს. უკვე მერობის კანდიდატად დასახელებულ ამჟამინდელ მერსაც ემუქრება: „როდესაც მერი გავხდები, ავტომატურად მომიწევს ყველა მიმდინარე პროექტის რევიზი ადა მე წინასწარ ვიცი, რომ თბილისის მერია ერთ-ერთი გაუმჭვირვალე უწყებაა და იმიტომ რომ იქ არსებული ძირითადი სქემები და მიმდინარეობები არ დაინახოს საზოგადოებამ... მე ვიცი, რომ თბილისის მერიაშიც იქნება გარკვეული კითხვები და მომიწევს მასალების ამოწევა და საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნა. მე, რა თქმა უნდა, ამას როგორც ბრალდებას, ისე არ ვამბობ, მაგრამ გარკვეული კითხვები, რაც არსებობს, ამ ყველაფერს აეხდება ფარდა თავის დროზე..."


რამდენად ფუჭი აღმოჩნდება ეს მუქარა და ჰაერში დარჩება თუ არა მოქნეული მუშტი დავით ნარმანიას, ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავარკვევთ.


ერეკლე სტურუა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016