„დუშან უჰრინს თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მალხაზ ჟვანია შეცვლის", - ამიშ შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა.
მისი თქმით, მალხაზ ჟვანია ამ ეტაპზე მწვრთნელის დროებითი შემსრულებელი იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. მალხაზ ჟვანია ამ დრომდე „დინამო 2"-ს წვრთნიდა.
„დუშან უჰრინი მიემგზავრება თავის სამშობლოში, უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი გუნდის „პლზენის" მწვრთნელი. კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო გვემუშავა კიდევ ნახევარი წელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის ბრუნდება სამშობლოში და უნდა უთავკაცოს ასეთ ძლიერ გუნდს, ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს. რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა „დინამო 2"-ს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის „დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას", - განაცხადა რომან ფიფიამ.
როგორც მალხაზ ჟვანია აცხადებს, მზად არის ბოლომდე ემსახუროს „დინამოს", სანამ ამის საჭიროება იქნება.
„დიდი მადლობა ჩემი ნდობისთვის, მე მზად ვარ მოვემსახურო „დინამოს", სანამ დაჭირდება ჩემი დახმარება. პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარჩენილ თამაშებში მოვახდინოთ კონცენტრაცია, რათა წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.