უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, რეგიონების პარტიის წევრმა ოლეგ ცარევმა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით მიმართა, რათა უკრაინაში უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესვლა აიკრძალოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესი რადას დეპუტატი მოითხოვს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვან ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარს უჭერენ და რჩევებს აძლევენ ქვეყანაში სიტუაციის დისკრედიტაციისთვის.
ოლეგ ცარევის მიერ შედგენილ ეგრეთ წოდებულ "შავ სიაში" სულ 15 უცხოელი მოხვდა, რომელთა შორის რუსეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები არიან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეების მხარდასაჭერად 7 დეკემბერს ჩავიდა და მაედანზე შეკრებილ მიტინგიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.