reportiori.ge - ცოლები და ქმრები, ცოლისდები და ქვისლები, VIP-სადაქალო ტელევიზიის ნგრევაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:34
პრეს-დაიჯესტი
ცოლები და ქმრები, ცოლისდები და ქვისლები, VIP-სადაქალო ტელევიზიის ნგრევაში!
ავტორი:
07 დეკემბერი, 2013. 18:39

ცოტაც და ხუთი წელი შესრულდება „ვარსკვლავების აკადემიის" ჩამონგრევიდან. ამ ხნის განმავლობაში დამნაშავეები არათუ არ დასჯილან, დღესაც შესანიშნავად გრძნობენ თავს და ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი.


დაღუპული ოპერატორის, ნიკა გელაშვილის დედის, ნუცა თოფჩიშვილი-გელაშვილის სააკაშვილისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „როდესაც საქმის ძიებისას ოჯახს ეჭვები გაუჩნდა გამოძიების ტენდენციურობაზე და მიკერძოებულობაზე, დახმარებისთვის მოგმართეთ თქვენ. სერიოზული შეშფოთების მიზეზი იყო იმ მაღალჩინოსანი ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა: „კერძოდ, „რუსთავი 2"-ის იმდროინდელი გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი (ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში დაინიშნა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ), სამშენებელო კომპანია „არტიქსის" დამფუძნებლები - სოფო ჩიქოვანი (ექსმინისტრ დავით კეზერაშვილის ცოლი) და რუსუდან ჩერგოლეიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას ცოლისდა), რომელიც ახლაც არის „არტიქსის" დირექტორი და რომლის ხელმოწერებით და ბეჭდებით ფორმდებოდა ოფიციალური დოკუმენტები (აღნიშნული დოკუმენტები თან ერთვის ღია წერილს)...


მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ მიმდინარეობდა „რუსთავი 2"-ის შენობის რეკონსტრუქცია და არა რემონტი, რისი მიჩქმალვაც უნდოდათ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, ქალაქის მერს გიგი უგულავას, რომელმაც ნგრევიდან რამდენიმე საათში ტელეკამერების წინა განაცხადა, - შენობაში კოსმეტიკური რემონტი მიდიოდაო..."


ეს არის მოკლე ამონარიდი წერილიდან. ახლა კი მკითხველს ვთხოვთ, არ დაიბნეს, ვინაიდან „ვარსკვლავების აკადემიის" შენობის დანგრევაში სწორედ ეს პირები არიან მთავარი პერსონაჟები.


ვიპ-ფაქტორი № 1 - ცოლები


კახა ნინუა არის გიგა ბოკერიას ქვისლი, თამარ ჩერგოლეიშვილი არის გიგა ბოკერიას ცოლი. თამარის და - რუსუდან ჩერგოლეიშვილი არის კახა ნინუას ცოლი. ანუ ბოკერიასა და ნინუას დები ჰყავთ ცოლებად. გიგი უგულავას ცოლი ლელა კილაძე, გიგა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი, ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი და კეზერაშვილის ცოლი სოფო ჩიქოვანი არიან ახლო დაქალები.


კომპანია „არტ იქსი", რომელმაც სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე „რუსთავი 2"-ის შენობის რეკონსტრუქცია გააკეთა, გაფორმებული იყო კეზერაშვილის ცოლზე - სოფო ჩიქოვანზე, მაგრამ დირექტორად იყო გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი. მერიათან ურთიერთობა ხდებოდა ლელა კილაძის საშუალებით. როდესაც „ვარსკვლავების აკადემიის" შენობა ჩამოინგრა და ნანგრევებმა ორი მემონტაჟე მოიყოლა, ქმრებმა ცოლები გადამალეს და ასპარეზზე თავად გამოვიდნენ... პირველად.


ვიპ-ფაქტორი № 2 - ქმრები

 

ყველაზე მეტად აქტიურობდა გიგა ბოკერიას ქვისლი (ცოლისდის ქმარი) - კახა ნინუა. კახა ნინუა „არტიქსში" არავინ არ ყოფილა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გამოძიებამ გაარკვია, სიტუაციას სწორედ ის მართავდა აღნიშნულ კომპანიაში მეუღლის მაგივრად.

 

თეა კახიანი - დაღუპული ნია გელაშვილის მეუღლე:


- მთლიანი ბრალი გადავიდა მშენებელ გვასალიაზე, ვიღაც „პრარაბზე", რომელიც სასამართლოს სკამზე გიგა ბოკერიას ცოლისდისა და კეზერაშვილის ცოლის მაგივრად დასვეს. არც ეს განტევების ვაცი დაუსჯიათ - საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს და თავად გვასალიას ლარიც არ გადაუხდია. კარგად მახსოვს ეს მომენტი - ფეხზე ვიდექით ნიკას ოჯახის წევრები და მქუხარე აპლოდისმენტებით ვაცილებდით მოსამართლეს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ შეგვეძლო.

 

- როგორც ვიცი, სწორედ მაშინ შეხვდით გიგა ბოკერიას ცოლისდას?

- არა, რუსუდან ჩერგოლეიშვილს ამ სასამართლო პროცესამდე შევხვდით. მას თან ახლდა თავისი ქმარი, კახა ნინუა. „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელმა გიორგი გეგეშიძემ დაგვიბარა თავის კაბინეტში. ეს ის მომენტია, როდესაც ყველანი ექსპერტიზის დასკვნას ველოდებოდით. ჩვენდა გასაოცრად, გეგეშიძემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მე ვიცი უკვე ექსპერტიზის დასკვნის პასუხი და აქ მობრძანდითო.

 

- კი მაგრამ, პასუხი იმან საიდან იცოდა?

- არ ვიცი. მე და ნიკას დედა მაშინვე მივედით „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელთან და კაბინეტში დაგვახვედრა გიგა ბოკერიას ქვისლი - კახა ნინუა. კახა ნინუამ გარიგება შემოგვთავაზა.

 

- რა გარიგება?

- ჯერ ერთი, ამ კაცს პირველად ვხედავდით. აზრზე არ ვიყავით, ვინ იყო ეს ნინუა. იქ შევიტყვეთ, რომ ბოკერიას ქვისლი იყო და ცოლის მაგივრად გველაპარაკებოდა. ჩვენ რომ შევედით, ცმუკავდა, რაღაცნაირად მოუსვენრად იყო. მერე რაღაცაზე უნდოდა მოლაპარაკება. მოგვიანებით გავიგეთ, რომ შეხვედრამდე, ანუ სანამ გეგეშიძე დაგეგმავდა შეხვედრას, კახა ნინუა ჩვენს ნათესავებთან დარბოდა და ეუბნებოდა, რომ შევრიგდეთ, ჩემი ცოლი არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ, ცარიელი ფიგურაა კომპანიაში და ბეჭდებს ურტყამსო, საერთოდ არ წყვეტს არაფერსო. სამართლებრივად კი უნდა დაისაჯოს ჩემი ცოლი, მაგრამ ტყუილად დაისჯება, იმიტომ რომ არაფერი არ ეხებაო. ჩვენი ოჯახის ნათესავებთან რომ დარბოდა და შორიდან გვივლიდა, პარალელურად ნიკას მეგობრებსაც უკავშირდებოდა. იმას ვგულისხმობ, რომ მანამდე რაღაც ხმები კი მოდიოდა ჩვენამდე, მაგრამ ფიზიკურად არ ვიცნობდით ამ კაცს, ანუ პირველად ვნახეთ „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის კაბინეტში.

 

- კაბინეტშიც გითხრათ, რომ ჩემი ცოლი სამართლებრივად უნდა დაისაჯოსო?

- არა, რა თქმა უნდა. წაგვიკითხა მთელი ლექცია იმაზე, რომ გვასალია მრავალშვილიანი მამაა. მის სამ შვილს ახლა ვინ უპატრონებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადავარჩინო და ციხეში არ ჩავაჯინოო. ამას გვეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავისი ცოლის მაგივრად დააჯინა ეს სამშვილიანი მამა განსასჯელის სკამზე!

 

- ჰოდა, ეტყობა, სინდისი ქენჯნიდა?!

- ჩემმა დედამთილმა უთხრა, რომ მე მინდა დამნაშავე დაისაჯოსო. ამაზე კახა ნინუამ გვიპასუხა, რომ იგი აპირებდა გვასალიასთვის ადვოკატის აყვანას და პატრონობას. შემოგვთავაზა, თქვენც დაგიქირავებთ ადვოკატს, თუ თქვენი სურვილი იქნებაო. ე.ი. ორ საპირისპირო პოლუსზე მდგომ მხარეს ერთი და იგივე ადამიანი უფინანსებდა დამცველს. ამაზე მეტი ცინიზმი რაღა გინდათ?! მერე უკვე ხმამაღალი ლაპარაკი წავიდა. ამის შემდეგაც გიგა ბოკერიას ქვისლი, კახა ნინუა, ფეხზე წამოხტა და ხელების ქნევით გავარდა გეგეშიძის კაბინეტიდან.

 

- ანუ თანხას გთავაზობდათ გაჩუმების სანაცვლოდ?

- დიახ. ეს იყო მოტივი, რომ უნდოდა თანხა შემოეთავაზებინა და გავჩუმებულიყავით. ასე და ამრიგად, ეს შეხვედრა ჩაიშალა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეეძლო ბევრად მშვიდ გარემოში ჩაევლო, ნერვების წყვეტის გარეშე და ცივილიზებულად, მაგრამ არ მოგვეწონა კახა ნინუას აგდებული დამოკიდებულება.

 

- რაში გამოიხატებოდა ეს აგდებული დამოკიდებულება?

- ერთ-ერთ განცხადებაში ჩემს დედამთილს ასეთი რაღაცა ჰქონდა გაჟღერებული, რომ თუ დამჭირდა, მეორე ირინა ენუქიძე გავხდებიო. კახა ნინუამ ირონიულად და დამცინავად გვითხრა: „როგორ თქვით, მეორე ირინა ენუქიძე გავხდებიო, არა?" ირინა ენუქიძე გახდა ამ კაცის დასაცინი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითონ დამნაშავეები კი არ არიან, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები. ჩვენ ჩამოვანგრიეთ „ვარსკვლავების აკადემიის" შენობა და საკუთარი ქმარი და შვილი ნანგრევებში მოვაყოლეთ. მე პირადად ამან გამაოგნა, რომ ეს პიროვნება აქეთ გვაწვებოდა, - როგორ გავბედეთ, პროტესტი გაგვიჩნდა და პრეტენზია წავუყენეთ.

 

- კახა ნინუა სად მუშაობს?

- მისი სტატუსი არის გიგა ბოკერიას ცოლისდის ქმარი. მეტი არაფერი, ბოკერიას ქვისლი რომ არ იყოს, არავინ არ იქნებოდა. ნინუამ პირობა შეასრულა იმით, რომ მშენებელ გვასალიას სააკაშვილის პირადი ადვოკატი, გია ყავლაშვილი აუყვანა. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ისი იყო ადეიშვილის პირველი იურისტი და ყველაზე ძვირადღირებული პერსონა საქართველოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და გივი თარგამაძის ადვოკატიც არის. მისი საშუალებით სრულდებოდა ყველაზე ბინძური გარიგებები საქართველოში. ამ უვიც „პრარაბს" აუყვანა ეს ადვოკატი და საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა დარბაზიდან ისე, რომ ერთი თეთრიც არ გადაახდევინეს.

 

ვიპ-ფაქტორი № 3 - გიორგი ტუღუში და „ენდემოლი"

 

- იმდროინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რატომ არ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი?

- ველოდეთ ძალიან დიდხანს. იმედი გვქონდა, რომ სახალხო დამცველი განიხილავდა ამ საქმეს და გამოიტანდა დასკვნას. როდესაც არა და არ მოვიდა პასუხი, მივედით ამ საქმეზე პასუხისმგებელ პირთან, ვინმე ტრაპაიძესთან. ტრაპაიძე აქეთ შემოგვედავა, რომ ამ საქმეზე თავიდან გამოძიების დაწყებას არ გირჩევთ, არ არის მართებულიო. ეს „არ არის მართებული" რა იყო, ვერ გავიგეთ! ის დასკვნა კი გამოვიტანეთ, რომ ქვეყანას არ ჰყავდა სახალხო დამცველი. ტუღუშის ადგილი იყო ცარიელი ადგილი იყო. მეტიც, „ვარსკვლავების აკადემიის" ჩამონგრევის საქმე გიორგი ტუღუშმა, როგორც სახალხო დამცველმა, არ შეიტანა ანგარიშში. არ დამავიწყდება მაშინდელი ეს განცდა, თითქოს სახალხო დამცველის ოფისში კი არა, პროკურატურის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში ვიყავი.

 

- რას აპირებთ?

- ორი ქალი დავრჩით ასე სრულიად მარტოები, ერთი მცირეწლოვანი ბავშვის ამარა. მე და ჩემმა დედამთილმა, ნიკას დედამ, დავიწყეთ ბრძოლა ამ უსამართლობის უზარმაზარი მანქანის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგა ქვეყნის უმაღლესი პირების ცოლები, ქმრები, ცოლისდები და ქვისლები. გადავწყვიტეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიგვემართა და გავაგზავნეთ წერილი ინგლისში, კომპანია „ენდემოლში", ვისგანაც ნაყიდი ჰქონდა „რუსთავი 2"-ის „ვარსკვლავების აკადემიის" პროექტი. „ენდემოლს" ვთხოვდით, რომ „რუსთავი 2"-ისთვის ჩამოერთვა ლიცენზია, როგორც უპასუხისმგებლო კომპანიისთვის.

 

- მიიღეთ პასუხი?

- პასუხი მივიღეთ ასეთი: „ენდემოლის" ხელმძღვანელობა საქმის კურსშია და აუცილებლად გამოთქვამს თავის ოფიციალურ პოზიციას. რაც მთავარია, მათ გამოითხოვეს მასალები და თვითონ თარგმნეს. მერე რა მოხდა, ვერ გეტყვით. ჩვენთვის ის არის მთავარი, რომ ამ საქმეში დამნაშავე პირები დღემდე დაუსჯელნი დადიან. ახალი პროკურორის იმედი მაქვს, იმიტომ რომ წინამ ვერაფერი გააკეთა, სრულიად ვერაფერი!...


თამარ როსტიაშვილი

გაზეთი „ქრონიკა +"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016