ოპოზიციური პარტია "ბატკივშინას" წევრები აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა მათი ოფისი გაძარცვა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისში "ბერკუტის" დაახლოებით 100 წარმომადგენელი შეიჭრა. ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ეკეთათ. პარტიის წევრებმა რამდენჯერმე მილიციაც გამოიძახეს, თუმცა ისინი არცერთ ჯერზე არ გამოცხადდნენ. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, მოგვიანებით "ბერკუტის" თანამშრომლებმა ოფისიდან სერვერები წაიღეს და წავიდნენ.
"ვერავითარი დოკუმენტები, ვერავითარი ინფორმაცია, თუ ვინ გასცა პარტიის ოფისის შტურმით აღების ბრძანება, ვერ მივიღეთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დღეს კიევში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ჩაფრინდებიან.
კეტრინ ეშტონი კიევში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
ამასთან, უმაღლესმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა კიევში განვითარებული მოვლენების გამო და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლა.
„კიევში ჩემი ვიზიტის წინ, შეშფოთებით ვადევნებ თვალს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ოპოზიციური პარტია "ბატკივშინას" ოფისში შეჭრას. ეს მოხდა იმ დღეს, როცა პრეზიდენი იანუკოვიჩი დათანხმდა ოპოზიციის ლიდერებთან და ყოფილ პრეზიდენტებთან მრგვალი მაგიდის გამართვას. უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას მაქსიმალური თავშეკავებისა და მომავალში ძალის გამოუყენებლობისკენ", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის განცხადებაში.