საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თბილისის მერის კანდიდატურის ირგვლივ საზოგადოებაში ატეხილ მოსაზრებებს „ფეისბუქით" გამოეხმაურა.
„ერთი შეკითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ასე გაღიზიანებულია და ვისაც მიაჩნია, რომ თბილისის მერი მინიმუმ, მესამე თაობის თბილისელი მაინც უნდა იყოს. უკიდეგანოდ განათლებული, დახვეწილი ინტელიგენტი, წარმოსადეგი, ბრწყინვალე ოჯახის პატრონი, რამდენიმე ენაზე თავისუფლად მოსაუბრე, მათ შორის მაღალი ლიტერატურული ქართულით და რაც მთავარია მესამე კი არა, დანამდვილებით მეხუთე თაობის თბილისელი. სხვათაშორის, დიმიტრიც არ ქვია, არაა არც გელოვანი და ეთნიკურადაც კი არაა ქართული წარმოშობის. აი, ასეთ ბრწყინვალე კანდიდატს ჰქონდეს უნდა თუ არა ზემოდხსენებული კატეგორიის ამომრჩეველების მხარდაჭერის იმედი, რომ მოიფიქროს და დამოუკიდებლად იყაროს კენჭი თბილისის მერის თანამდებობაზე? იმედია ხვდებით, რომ მე კანდიდატი მყავს და მას დავუჭერ მხარს. მისი სახელი დავით ნარმანიაა", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.