უკრაინული სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, უკრაინა ხვალიდან ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. როგორც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფი ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება.
"სავარაუდოდ, ბრიუსელში ჩვენი სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ არბუზოვის მეთაურობით გაემგზავრება და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ევროპულმა კომისიამ ამ სამუშაოს დაწყება შემოგვთავაზა", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებების მსვლელობისას უკრაინა ეცდება მიაღწიოს პირობებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას დააკმაყოფილებს. იანუკოვიჩმა არ გამორიცხა, რომ შეთანხმების პირობების გაანალიზების შემდეგ, უკრაინა მათი გადახედვის ინიცირებასაც მოახდენს.
ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა რუსეთთან უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ დიალოგი გამართოს, თუმცა არ ეთანხმება სამმხრივი ფორმატით მოლაპარაკებებს: ევროკავშირი-უკრაინა-რუსეთი.
„უნიანის" ინფორმაციით, ფულემ მიანიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში "მესამე ზედმეტია". აღნიშნული განცხადება ფულემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, "აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც" მსჯელობდნენ.
"ჩვენ გვსურს რუსეთთან ჩვენი დიალოგი გამოვიყენოთ იმის ასახსნელად, რომ უკრაინასთან შეთანხმების გაფორმება რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს არ დააზიანებს", - განმარტა ფულემ.