ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასული 16 გუნდის ვინაობა ცნობილია. 16 დეკემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა ვინ ვის შეხვდება. F ჯგუფში „დორტმუნდმა" თამაშის მიწურულს გროსკროიცის გოლით პირველი ადგილი დაიბევა და ძალიან დაამწუხრა „ნაპოლის" გულშემატკივრები. იმ დროისთვის იტალიელები კაცნაკლულ „არსენალს" 1:0 უგებდნენ და კიდევ ორი ბურთის გატანა მართებდათ, მსაჯის დამატებულ წუთებზე ერთი კი გაიტანეს, მაგრამ მეტისთვის დრო არ ეყოთ. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა გუნდმა 12 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. სრული კატასტროფა განიცადეს იტალიურმა და პორტუგალიურმა გუნდებმა. „პორტუ" და „ბენფიკა" ევროპის ლიგაზე გადავიდნენ, აპენინელებს კი მხოლოდ „მილანი" წარმოადგენს, რომელმაც ძლივს გაასწრო მოედნიდან „აიაქსს".
კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა G ჯგუფში. შემდეგ ეტაპზე გავიდა „ზენიტი", რომელმაც მხოლოდ 6 ქულის მოგროვება შეძლო.
სპეციალისტები სენსაციად მიიჩნევენ „იუვენტუსის" გამოვარდნას და 1/8 ფინალში „გალათასარაის" გასვლას; თუმცა დროგბას, სნაიდერის, მუსლერასა და მელოს გუნდი, რომელსაც რობერტო მანჩინი უდგას სათავეში ხელწამოსაკრავი რომ არ იქნებოდა თავიდანვე იყო ცნობილი.
იტალიელებმა საკუთარ თავს დააბრალონ, ჯერ იყო და „კოპენჰაგენთან" დაკარგეს ქულები, მერე სტამბულურ წარღვნაში მოინდომეს თამაში (მატჩის გადატანას არ დათანხმდნენ) და დაისაჯენ კიდეც. ყველა სხვა შემთხვევაში გრანდებმა თავისი გაიტანეს; ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ორთვიანი შესვენება გამოცხადდა. დაველოდოთ გაზაფხულს, რომელიც როგორ მოგეხსენებათ მალე მოვა.