reportiori.ge - დავით სალარიძე: ჟვანია გარდაიცვალა საბურთალოს ქუჩაზე და ყველა სხვა ვერსია სპეკულაციის საგანია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:06
პრეს-დაიჯესტი
დავით სალარიძე: ჟვანია გარდაიცვალა საბურთალოს ქუჩაზე და ყველა სხვა ვერსია სპეკულაციის საგანია!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 13:40

გასულ კვირას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი თანაავტორის - ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა. „ასავალ-დასავალმა" ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ წლების განმავლობაში ერთმანეთისადმი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოაქვეყნა... ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან თითქმის ცხრა წლის შემდეგ საკუთარ ვერსიას გვიზიარებს ყოფილი პარლამენტარი დავით სალარიძე.


- ბატონო დავით, რა არგუმენტები გაგაჩნიათ იმის თაობაზე, რომ ჟვანია არა სხვაგან, არამედ საბურთალოს ქუჩის ბინაში გარდაიცვალა?

- თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ ჩემი არგუმენტები ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ იმ პუბლიკაციებს ეყრდნობა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მრავლად მოიპოვება ქართულ პრესაში და, მათ შორის, თქვენს გაზეთში. გამოქვეყნებულია საკმაოდ ბევრი ინტერვიუ იმ პირებთან, რომელთაც ნამდვილად ჰქონდათ პირდაპირი თუ ირიბი შეხება მომხდართან. თუმცა, ასევე ბევრი მასალა დაიბეჭდა ისეთ რესპოდენტებთანაც, რომლებსაც ან არ სურთ მოვლენები თანმიმდევრულად შეაფასონ, ან მოწოდებული არიან, იაფფასიანი სენსაციური განცხადებები აკეთონ, რითაც, ვფიქრობ, საკმაო ჩრდილს აყენებენ როგორც ჭეშმარიტების დადგენის მცდელობას, ასევე მიცვალებულის სახელსაც.

 

- რახან თანმიმდევრულობა ახსენეთ, მოდით, ჩვენც თანმიმდევრულად შევაფასოთ ფაქტები და ასეთ შეკითხვას დაგისვამთ - თქვენ როგორ ფიქრობთ, მოკლულია თუ არა ჟვანია?

- სწორი ბრძანდებით. ყველაზე მთავარი კითხვა ამ საქმეში სწორედ ეს არის. მე რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გაგცეთ, მინიმუმ, საქმის მასალებს უნდა ვიცნობდე, მე კი ჩემეულ დასკვნას, როგორც გითხარით, იმ პუბლიკაციებიდან ვაკეთებ, რომლებშიც არა ერთი და ორი მნიშვნელოვანი დეტალია აღწერილი. ეს დეტალები ნათლად ადასტურებს იმას, რომ ჟვანია გარდაიცვალა საბურთალოს ქუჩაზე და გარდაცვლილი იქ არავის მიუტანია არც ტელევიზორის ყუთით და არც საკაცით, არავის ჩაურტყამს მისთვის საფერფლე, არც იარაღიდან უსვრია, არც რაიმე ნემსი გაუკეთებიათ და არც ხელითაა გაგუდული. იგი გარდაიცვალა ზემოხსენებულ ბინაში და გარდაცვალების მიზეზი იყო ნახშირორჟანგით მოწამვლა.

 

- ბატონო დავით, რას გაძლევთ ასეთი კატეგორიული დასკვნის გაკეთების საფუძველი?

- პირველ რიგში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას ინტერვიუ, რომელმაც დეტალურად აღწერა გამოკვლევის შედეგები და მაშინაც და ახლაც ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ნახშირორჟანგით მოწამვლა (იხ. „ასავალ-დასავალი", № 45, 2012 წლის 5-11 ნოემბერი).

 

- საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ასეთი დასკვნის გაყალბება.

- მოდით, მივყვეთ ლოგიკურად. ბატონი ლევანი სამი ათეული წლის სტაჟის მქონე ექსპერტია და მის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა ძნელია; მეორეც - თუ მას დააძალებდნენ, შეეცვალა დასკვნა, მან ისიც კარგად იცოდა, რომ ბიომასალის აღება მოხდა სამ ეგზემპლარად, რომლის ერთი ნიმუში იმავე ღამეს გაიგზავნა FBI-ის ლაბორატორიაში და გამომდინარე აქედან, ქართული მხარის მიერ ამ დასკვნის ფალსიფიცირება საკმაოდ დიდ სკანდალთან და რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.

 

- თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ამ მკვლელობაში ამერიკელებიც მონაწილეობდნენ და, ბუნებრივია, FBI-ის დასკვნაც ანალოგიური უნდა ყოფილიყო.

- აი, ამ ვერსიის ავტორებს ყველაზე რბილად უნდა ვუთხრათ, რომ დაანებო თავი სისულელის ლაპარკს, ანუ, თუ იმ ვერსიას გავიზიარებთ, რომ შემოაკვდათ ჟვანია და მერე ქალაქის ერთი ბოლოდან ქალაქის მეორე ბოლოში, სადღაც საბურთალოს ქუჩაზე, მიიტანეს გარდაცვლილი კაცის გვამი, შემდეგ მოიგონეს ნახშირორჟანგით მოწამვლა და FBI-იმ დაუდასტურა ეს, რა გამოდის - ამერიკელებმა ქართულ მხარეს „გაუპრავეს" პრემიერ-მინისტრის სიკვდილი? ვიცი, იტყვიან სპეცსამსახურის საქმიანობის მაგალითზე, ამაზე უარესებიც ხდებაო, მაგრამ მათ გასაგონად მინდა ვთქვა: კი ხდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრის „შემოკვდომის" „გაპრავება" არ ხდება! ახლა მათთვის, ვინც ამტკიცებს და, ჩემდა გასაოცრად, კატეგორიულადაც, რომ ეს შემთხვევით კი არა, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო, რაშიც, თურმე, ამერიკელებიც მონაწილეობდნენ. მათ უნდა ვუთხრა, რომ, თუ ამაში ამერიკული სპეცსამსახურები ჩაერეოდნენ, ამას გაცილებით კვალიფიციურად გააკეთებდნენ და სენსაციების მოყვარულებს ყოველგვარი აჟიოტაჟის საფუძველს გამოაცლიდნენ.

 

- რა ვუყოთ იმას, რომ გარდაცვლილს თავის არეში ეტყობოდა ტრავმის კვალი?

- ანუ თქვენ მეკითხებით იმ ვერსიის შესახებ, რომ იგი გარდაიცვალა თავის არეში რაიმე საგნის ჩარტყმის შედეგად, რაც შეიძლება ყოფილიყო საფერფლე ან რაიმე სხვა საგანი?

 

- დიახ.

- მიჭირს, გავიაზრო ეს ვერსიაც, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თავის არეში ტრავმას არ ადასტურებს და თუ ასეთი ეჭვი არსებობს, ვფიქრობ, ამის დადგენა გამოძიებისათვის არ უნდა იყოს ძნელი, რადგანაც, როგორც ირკვევა, ექსპერტიზას, რომელიც ჩატარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სპეციალისტების გარდა, ესწრებოდა პარლამენტართა 7-9-კაციანი ჯგუფი და, რაც მთავარია, ექსპერტიზის მთელი პროცესი გადაღებულია ორი ვიდეოკამერით, საიდანაც ერთი იყო პროკურატურის, ხოლო მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტროსი. არა მგონია, ეს ვიდეოფირები განადგურებული იყოს.

 

- კარგით, დავუშვათ, ის, ვისაც სჯერა, რომ ჟვანია მოკლეს სხვაგან და შემდეგ გარდაცვლილი მიიტანეს საბურთალოს ქუჩაზე, მხოლოდ იაფფასიან სენსაციებს არიან აყოლილი, ამას ხომ ვერ ვიტყვით ოჯახის წევრებზე, რომლებიც ასევე ითხოვენ ჭეშმარიტების ერთხელ და სამუდამოდ დადგენას?

- აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური კითხვაა. მე ვიცნობ ბატონი ზურაბის მეუღლეს, ქალბატონ ნინოს, რომელიც ნამდვილად გახლავთ მაგალითი გონიერი ქალის, საუკეთესო დედისა და ერთგული მეუღლის; არ ვიცნობ გოგლა ჟვანიას, მაგრამ მათ სრული უფლება აქვთ, ამ საქმეში არსებულ ყველა წვრილმანზე გაცილებით მძაფრი და კრიტიკული რეაქცია ჰქონდეთ. ეს სრულიად ბუნებირივი რეაქციაა, თუმცა, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე ხშირად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ვერსიებს ავრცელებენ და იმაზე კი არ ფიქრობენ, რა უხერხულობას უქმნიან თავად ზურაბ ჟვანიას ხსოვნას და რა ტკივილს აყენებენ მისი ოჯახის წევრებს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ პროკურატურამ ამ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი და დაამთავროს გამოძიება.

 

- მაშინ ერთიც მითხარით, რატომ შეიძლება, აჭიანურებდეს საქმეს პროკურატურა?

- ჩემი აზრით, აქ ერთი სერიოზული პრობლემა არსებობს - საზოგადოებრივი აზრი! საზოგადოებრივ აზრს კი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილმა ბევრმა დანაშაულმა ღრმად ჩაუყარა საფუძველი - დიახ, მათ თავისუფლად შეეძლოთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი სადღაც სხვაგან მოეკლათ, თუნდაც საფერფლის ჩარტყმით (ყველაზე გავრცელებული ვერსია) და მერე გარდაცვლილი მიეტანათ სხვა ადგილზე. ამის ბევრს მართლაც გულწრფელად სჯერა, ამიტომ ძნელია, დღეს ოფიციალურად გამოაცხადო სიმართლე იმის შესახებ, თუ სად მოხდა გარდაცვალება, თუმცა, მე ვურჩევდი პროკურატურის ახალ შემადგენლობას, რაც უფრო ადრე გააკეთებს ამას, ნამდვილად უმჯობესი იქნება ყველასთვის. პროკურატურის წინა შემადგენლობისა და ბატონი კბილაშვილის მიერ ამ საქმეზე გაკეთებულმა მრავალგზის გაჭიანურებულმა კომენტარებმა, ვფიქრობ, საკმაოდ ავნო თავად კბილაშვილსაც და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ფაქტსაც.

 

- ვთქვათ, თქვენს მიერ მოყვანილ ყველა არგუმენტში არსებობს რაღაც ლოგიკა, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ სახლში, სადაც აღმოჩენილ იქნენ გარდაცვლილი ჟვანია და იუსუპოვი, ასევე აღმოჩენილ იქნა გაშლილი სუფრა, იქ არსებულ ნივთებზე, მათ შორის, ბოთლზე, ჭიქაზე და ა.შ. არ არის დაფიქსირებული მათი თითის ანაბეჭდები, დაკარგულია იუსუპოვის ერთი ფეხსაცმელიც...

- მე ვერავითარ კომენტარს ვერ გავუკეთებ იმ ფაქტებს, რაც მოხდა იმ ბინაში გარდაცვლილთა აღმოჩენის შემდეგ. რა თქმა უნდა, მე შეიძლება, მქონდეს ჩემი ვერსიები და მაქვს კიდევაც, მაგრამ არ იქნება სწორი, დავიწყო ამ ვერსიებზე მსჯელობა, რადგანაც მეც იმ კატეგორიის ადამიანებს დავემსგავსები, რომლებიც ცარიელი ემოციების ხარჯზე მსჯელობენ. ვფიქრობ, გამოძიებას ყველაზე მეტად სწორედ გარდაცვალების შემდგომი ვითარების კვლევა მოუწევს, რაც, როგორც ჩანს, ბევრი მიზეზის გამო არ იქნება ადვილი.

 

 

 

- ამასთანავე, ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ბინა ჟვანიას მეგობარს ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონია ნაქირავები...

- არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ვერსია. მე წავიკითხე ვასილ მაღლაფერიძის არაერთი ინტერვიუ თუ განმარტება, სადაც იგი უარყოფს ამ ფაქტს. უფრო მეტიც, არსებობს ამ ბინის მეპატრონის, ქალბატონ ეკა კიკიანის საკმაოდ ამომწურავი ინტერვიუ, სადაც იგი დეტალურად აღწერს ამ ბინის გაქირავების ფაქტს და ამბობს, რომ მომხდარამდე არცთუ დიდი ხნით ადრე მან გამოაქვეყნა განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე და იგი თვეში 350 დოლარად იქირავა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო ჟვანიას დაცვის წევრი და არა ვასილ მაღლაფერიძე. ქალბატონი კიკიანი ადასტურებს იმასაც, რომ გაზის გამათბობელი „ნიკალაც" ამ ბინაში თავად მისი დამონტაჟებული იყო. რა ვქნათ, არ დავუჯეროთ იმ ადამიანს, რომელიც არის ბინის მეპატრონე და კონკრეტულად ასახელებს კიდევაც იმ პირს, ვისაც მან ბინა მიაქირავა? გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუ როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ბატონი ზურაბი იმ ბინაში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა მისი დაცვის წევრს.

 

- იმის გათვალისინებით, რომ ბინა პირველ სართულზეა, იყო თუ არა შესაძლებელი, გამათბობელზე გარედან ხელოვნური ზემოქმედებით მომხდარიყო გაზის გაჟონვა, რასაც შეეძლო მომხდარის გამოწვევა?

- როდესაც ამ შემთხვევის სხვადასხვა ასპექტს შევეხეთ, მე მუდმივად ვიყენებდი სიტყვა გარდაცვალებას, რადგანაც ადამიანის გარდაცვალება შეიძლება დადგეს ბუნებრივად, უბედური შემთხვევით და ასევე მკვლელობის შედეგად. გამომდინარე თქვენი კითხვებიდან, შესაძლებელი იყო თუ არა გარედან გამათბობელზე რაიმე ზემოქმედების შედეგად გაზის ხელოვნური გაჟონვა, ამას სჭირდება ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გაცნობა, ამასთან, თუ ამ დასკვნაშიც იქნება ეჭვის შეტანის საფუძველი, როგორც ბინის მეპატრონე ამბობს, გამათბობელი დღემდე ამოღებულია და, ალბათ, როგორც ნივთმტკიცება ინახება პროკურატურაში. ეს, ბუნებრივია, გამოძიების განახლების შემთხვევაში კიდევ ერთხელ გახდება შესწავლის საგანი. ასე რომ, თქვენს მიერ თავში დასმულ კითხვაზე - იყო თუ არა ეს მკვლელობა? - შემიძლია, გიპასუხოთ, რომ თუ ასეთი რამ ჰქონდა ვინმეს ჩაფიქრებული, ვფიქრობ, არსებობს თეორიული შანსი გაზის ხელოვნურად გაჟონვის გამოწვევისათვის, რაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანებისაგან გამიგია, თუმცა, პირადად ვფიქრობ, რომ ამ ვარაუდის ალბათობაც ძალზე დაბალია, რადგანაც ასეთი რამის განხორციელებას მრავალი სხვა ასპექტიც დასჭირდებოდა, რაც ცალკე განხილვისა და შეფასების საგანია. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, მე მყარად მხოლოდ ერთი რამის მჯერა - გარდაცვალება მოხდა იმ ბინაში და არა სადმე სხვაგან!

 

- ბატონო დავით, კიდევ არსებობს სხვა არგუმენტები, რომ გარდაცვალება მოხდა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში?

- რა თქმა უნდა, არსებობს - ეს არის ბატონ ზურაბის პირადი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარები. როგორც მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, 2005 წლის 2 თებერვალს, ღამის 11 საათიდან 3 თებერვლის 2-ის ნახევრამდე, ანუ, როდესაც განხორციელდა ბოლო ზარი, სულ დაფიქსირებულია 13 ზარი (ნაწილი თავად ბატონი ზურაბის მიერ და ნაწილი იმ პირების მიერ, ვინც მასთან რეკავდა). ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში ეჭვს არ უნდა იწვევდეს ზარების რეალობის დადგენა, მითუმეტეს, რომ ყველა აბონენტი ცნობილი და დადგენილია. ასე რომ, ბატონი ზურაბის ტელეფონზე ზარების შესვლა შეწყვეტილია 3 თებერვლის ღამის 2-ის ნახევრიდან დილის 5-ის ნახევრამდე, ანუ სულ 3 საათით, ვიდრე იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ბუნებრივია, ისმის კითხვა - ვის შეეძლო, დაეგეგმა ან განეხორციელებინა 3 საათის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოკვლა, ამის შემდეგ მეორე კაცის სასწრაფოდ მოძებნა და მისი მოკვლაც და ამის შემდეგ ორივეს მიტანა საბურთალოს ქუჩაზე, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ მკვლელობისა თუ შემოკვდომის ის ვერსია, რომელიც ასე მუსირებს ახლა საზოგადოებაში. თუ ამას იმ ასაც დავუმატებთ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ანძების მეშვეობით არც იმის დადგენა წარმოადგენს სიძნელეს, ტერიტორიულად რომელი ადგილიდან არის შესული ბოლო ზარი, ძალიან ადვილად შეიძლება იმის დადგენა, რომელ ტერიტორიაზე იმყოფებოდა ამ დროს გარდაცვლილი - საბურთალოზე თუ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია გვამცნობს, შავნაბადაზე.

 

- თუკი თქვენს არგუმენტებს გავიზიარებთ, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ადასტურებენ საბურთალოს ქუჩაზე საკაცით მიცვალებულის შეტანას?

- ზემოჩამოთვლილი გარემოებათა ანალიზის კვალდაკვალ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გარდაცვალების ფაქტი ყველა შემთხვევაში მოხდა საბურთალოს ქუჩაზე არსებულ ბინაში. რა მოხდა ამის შემდეგ, ამაზე შეფასებები მხოლოდ გამოძიების გასაკეთებელია. ვიტყვი იმასაც, რომ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა შოკისმომგვრელი იქნებოდა ასეთი ტრაგიკული ფაქტის მხილველთათვის ვითარებაში გარკვევა და შემდგომი მოქმედება. ეს, ალბათ, ზუსტად იმ პირებმა იციან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და მათ მაგივრად შეფასებების გაკეთება ნამდვილად უადგილო იქნება. ამიტომ ვურჩევდი იმ ადამიანებსაც, რომლებიც ხშირად ვარაუდებით ან ვიღაცისგან გაგონილი თუ მოყოლილი ფაქტებით აპელირებენ ან საკუთარ ინტერპრეტაციასაც ავრცელებენ, დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ვალდებულია, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და რაც შეიძლება მალე!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016