უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების პირველ პირებს, იანუკოვიჩმა გუშინ უმასპინძლა. უკრაინის პრეზიდენტმა მართლმადიდებლური სარწმუნოების მნიშვნელობასა და ღირებულებებზე ისაუბრა და პატრიარქებს თავიანთ ქვეყნებში რწმენის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ვიქტორ იანუკოვიჩის განკარგულებით, მსოფლიოში მართლმადიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობისთვის იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენები გადაეცათ; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქ თეოდორე მეორეს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ს, , სერბეთის პატრიარქ ირინეოსს, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტს, ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის პატრიარქ საბას და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს. კიევში ვლადიმირის მთაზე რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაც გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით რუსეთში 23 ივლისს გაემგზავრა და საქართველოში 30 ივლისს დაბრუნდება.