2013 წლის 19 დეკემბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ჰოლანდიურ ფონდ „არტექოს" მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას "ერვინ ოლაფი: ლეიდენი, ისტორიის ფურცლები".
ოლაფის ეს ნამუშევრები შთაგონებულია შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერით. ამასთანავე, ის უკავშირდება ჰოლანდიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს - 1574 წლის 3 ოქტომბერს ალყაში მოქცეული ლეიდენის ესპანელი დამპყრობელისგან გათავისუფლებას.
ერვინ ოლაფმა სახელი გაითქვა თავისი დახვეწილი, გონებამახვილური სტილით, რომლითაც შესრულებულია მისი თანამედროვე ფოტოსერიები და ასევე კომერციული ფოტოები. მას სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული აქვს ათეულობით მთავარი პრიზი. მისი ფოტონამუშევრები ცნობილი ბრენდების - Heineken, BMW, Microsoft, Hennessey, Nokia, Levi's, Diesel და ა.შ. სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს. ერვინ ოლაფის ნამუშევრებში იგრძნობა კლასიკური ხელოვნებისადმი არამარტო პატივისცემა და სიყვარული, არამედ - ღრმა ცოდნაც. ერვინ ოლაფის ნამუშევრები მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი.
გამოფენა გაიხსნება 19 დეკემბერს 19:00 საათზე.