„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, დევნილების დაბრუნება განიხილებოდა," - ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„26-ე რაუნდმა ჩვეულ ფორმატში ჩაიარა. ჩვენ დავაყენეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ჯგუფს, ჩვენი პოზიციები იყო კონსტრუქციული, პრაგმატული და მზად ვართ, რომ თითოეული საკითხი პოლიტიზირების გარეშე განვიხილოთ. ასევე, მოვუწოდეთ მოლაპარაკების სხვა მონაწილეებსაც, რომ თავი შეიკავონ პოლიტიზირებისაგან, რადგან ასეთ ჭრილში ვერც ერთი საკითხის მოგვარებას და გადაწყვეტას ვერ შევძლებთ. სამუშაო ჯგუფში ცენტრალურ თემებად დავაყენეთ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ბარიკადების დამონტაჟება, რადგანაც ეს იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ადგილობრივების დაკავება, მოსწავლეებისათვის სკოლაში სიარულის შეზღუდვა, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი ნათესავები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ ერთმანეთის ნახვას, ადგილობრივებს აღარ აქვთ საშუალება ახლობლების საფლავების მონახულების და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც ამძიმებს მათი ცხოვრების პირობებს,"- განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართა.