გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" ზაზა ბილიხოძის სტატიას აქვეყნებს, სადაც აღწერილია ფაქტები, „თუ როგორ ირღვეოდა კანონი „ნაცების" პარპაშის დროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რასაც რეაგირება არასოდეს მოჰყოლია".
„მუდმივი საშვის მქონე დავით ბეჟუაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია 1999 წლიდან დღემდე, „ნაციონალების" პროპორციული სიით. ეს გარემოება მას სრულებითაც არ უშლის ხელს, საქართველოში აკონტროლოს აქტივები მარშალის კუნძულზე რეგისტრირებული CHEMEXIM INTERNATIONAL-ის მეშვეობით. საქართველოში დეპუტატის ძირითადი კომპანიაა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომელიც დაკავებულია ტყიბულში ნახშირის მოპოვებით და „საქნახშირის" ერთადერთი მესაკუთრეა. 2010 წლიდან მოყოლებული ტყიბულის მაღაროში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 11 მაღაროელი, 4 კი მძიმედ დაშავდა. ბოლო აფეთქების შემდეგ, ვითომ გულმოსულმა სააკაშვილმა კრიტიკის ცეცხლში გაატარა მართლწესრიგის დამცველნი, რადგანაც მათ ვერ შეძლეს წინა აფეთქების ხეირიანად გამოძიება. მაშინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში მყოფმა „მაღალმა" პროკურორებს ბრალი დასდო კომპანიის ხელმძღვანელობასთნ კორუფციულ გარიგებაში. სააკაშვილმა ეს ტრაგედიაც პიარად გამოიყენა და აღშფოთებულმა დაპირება მისცა ხალხს, რომ გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანდა და დამნაშავეებს სასტიკად დასჯიდნენ. მაგრამ გავიდა ხანი და სააკაშვილს დანაპირები დაავიწყდა. გამოძიება კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ბრალი დაღუპული მაღაროელების უშუალო ხელმძღვანელებს წაუყენეს. ბეჟუაშვილი კი „ნაციონალთა" სიაში გამსვლელ რიგებში ჩაწერეს და პარლამენტარიც გახადეს", - წერს ავტორი.