საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე" შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 523 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. კერძოდ, როგორც უწყებაში აცხადებენ, საათები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ავტობუსში, სათადარიგო ნაწილების შესანახ სივრცეში იყო დამალული. „28 ივლისს აზერბაიჯანიდან საქართველოში Mercedes benc -ის მარკის ავტობუსი შემოვიდა, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ჯალალ მ. მართავდა. ავტობუსის დათვალიერების შედეგად, საბარგულში სათადარიგო ნაწილების შესანახ სივრცეში მალულად (ავტობუსის ნაწილების და ხელსაწყოების ქვეშ), 523 ცალი სხვადასხვა ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე მაჯის საათი აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11 612 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ჯალალ მ. საქონლის ღირებულების 100 %-ის ოდენობით დაჯარიმდა", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.