გაზეთ „კვირის ქრონიკაში" ჟურნალისტი ლევან ღვინიაშვილი სტატიაში „მკერდი თუ ვანო - საკითხავი აი, ეს არის!" საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჟურნალისტი მასალაში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი უშიკიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე წერს.
„გაუშვეს უშიკიშვილი და ატეხა ერთი ამბავი, ეგ როგორ შეიძლება, უკანონოა და პასუხს მოვითხოვო. არადა, მე რა მგონია, იცით? თავის დროზე უშიკიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისთვის რომ მოეთხოვა პასუხი, ყველა დათრობაზე ჩემს გუნდთან ერთად რომ მიძახით და მამღერებთ, რესტორნის მუზიკანტი ხომ არ გგონივართო, ეგებ ამ დღეში არც ჩავარდნილიყო. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერთა ღრეობას მუსიკალურად უშიკიშვილი და მისი ბენდი აფორმებდა და ეს მინიმუმ ლამაზი არაა, მაქსიმუმ კი... არა რა, მაინც არ მინდა, ცუდი ვთქვა უშიკიშვილზე, სხვა თუ არაფერი, ეროვნული სამუსიკო არქივისთვის ბევრი ისეთი სიმღერა მოიპოვა, სხვა დროს რომ არ გვქონია, მაგრამ სხვის დაკრულზე სიმღერა მაინც ხინჯად მაქვს", - წერს ლევან ღვინიაშვილი.
„კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)
მოამზადა ლილუ მიროტაძემ