სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ადვოკატის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„2013 წლის 24 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ე.მ დააკავეს. ე.მ. რომელიც სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა, აღნიშნულ დაწესებულებაში შევიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისთვის, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი მცირე რაოდენობით ნივთიერების გადაცემა სცადა, რა დროსაც, ის ზემოთხსენებული დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს. აღნიშნული ფაქტის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის, აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობას, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე შეუფარდა გირაო"- აღნიშნულია განცხადებაში.